საფრანგეთის საკურორტო ქალაქმა კანმა მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს იმ საკრუიზო გემების რაოდენობა, რომლებიც ადგილობრივ პორტში შედიან. სიახლის შესახებ Euro news წერს.
2026 წლიდან კანის ტერიტორიაზე ნებადართული იქნება დღეში მხოლოდ ერთი ლაინერის ყოფნა და მისი მაქსიმალური ტევადობა 3 000 მგზავრს არ უნდა აღემატებოდეს. ორ დიდ გემს ერთდროულად გაჩერების უფლება აღარ ექნება. ამასთან, ქალაქში მგზავრების გადმოყვანაზეც დაწესდება დღიური ლიმიტი – სულ 6000 ათასი ადამიანი.
2030 წლისთვის დაგეგმილია შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება – ლაინერებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებენ, თუ მათი ტევადობა 1 300 მგზავრს არ აღემატება.
ამგვარი ზომების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ დიდი საკრუიზო გემები გარემოზე უარყოფითად მოქმედებენ. ამჟამად გიგანტურ ლაინერებს პორტში არ აჩერებენ – ისინი ზღვაში ჩერდებიან და ტურისტები ნაპირზე კატერებით გადმოჰყავთ, რაც ქმნის ხმაურს, დაბინძურებას და ადგილობრივ ინფრასტრუქტურასაც აზიანებს. ქალაქი ეტაპობრივად გეგმავს უფრო კომპაქტურ და ეკომეგობრულ გემებზე გადასვლას.
საინტერესოა, რომ გასულ წელს კანმა 175 საკრუიზო გემი და 460 ათასი მგზავრი მიიღო.
ამასთან, ანალოგიური შეზღუდვები უკვე დაწესებულია მეზობელ ნიცაში.