LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანის რა პრობლემები იჩენს თავს ზაფხულში – სილამაზის აკადემია

644
ხათუნა-კუდავა

კანის რა პრობლემები იჩენს თავს ზაფხულში – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ დერმატოლოგმა ხათუნა კუდავამ ისაუბრა.

ყველაზე ხშირად კანის რომელი პრობლემა იჩენს თავს ზაფხულში?

ზაფხულის დადგომა დადებით განწყობას ქმნის ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. მზის სხივებთან კონტაქტის შედეგად გამომუშავებული ,,ბედნიერების ჰორმონები“ ენდორფინები ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. განსაკუთრებით სასიამოვნო პროცესია რუჯის მიღება და თუ ამას ენდორფინების მასტიმულირებელი კომპონენტებიც ემატება, დასვენების პერიოდი უფრო სრულფასოვანი ხდება. ზოგიერთი კვლევის მიხედვით C ვიტამინის შემცველი ხილი და ბოსტნეული (მარწყვი, სხვადასხვა ციტრუსი, ბროკოლი, ბულგარული წიწაკა) და შავი შოკოლადი ასევე გვეხმარება დადებითი განწყობის შექმნაში.

დადებით ემოციებთან და ლამაზ რუჯთან ერთად ზაფხულში კანზე გამოვლენილი პრობლემებიც ხშირია.

გარემოს ტემპერატურისა და ტენიანობის მატებასთან ერთად ხშირად ვლინდება მშრალი და გაღიზიანებული კანი. მზის სხივებთან დიდხანს კონტაქტი, რუჯის არასწორი მიღება, საცურაო აუზში დიდი ხნით ყოფნა და სახლში კონდიცირება შესაძლოა ამ პრობლემის მიზეზები იყოს.

ხშირია აკნეს გამონაყარიც. გარემო ფაქტორებით განპირობებული მომატებული ოფლიანობა, აკნესთვის დამახასიათებელი მომატებული ცხიმიანობა და თანდართული ბაქტერიები პროცესის გამწვავებას უწყობს ხელს. გამონაყარი უპირატესად ვითარდება სახის, გულმკერდისა და ზურგის არეებში.

მზემ ასევე იცის პოგმენტაციის გაჩენა…

პიგმენტური ლაქების (,,მელაზმა“) გაჩენა სახეზე და არსებული ხალების ცვლილებები, ახალი ხალების გაჩენა ასევე მზის სხივებთან არასწორი კონტაქტის შედეგად ვითარდება.

თმის ფოლიკულების ანთება – ფოლიკულიტი ზაფხულში შესაძლოა განვითარდეს ინფექციასთან კავშირის გარეშეც, მაღალი ტემპერატურის გავლენით. ვლინდება წითელი ფერის პაპულური გამონაყარით და გარდამავალი პროცესია.

რამდენად ხშირია ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები?

ზაფხულის პერიოდში იმატებს კანის ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების რაოდენობაც. სტრეპტო-სტაფილოკოკური ინფექციები ვრცელდება ნებისმიერ ასაკში, განსაკუთრებით ხშირი და კონტაგიოზურია ბავშვებში. ასევე ხშირია კანის სოკოვანი დაავადებებიც, უპირატესად ნაოჭების არეებში, მომატებული ოფლიანობის ხელშეწყობით.

იზრდება კონტაქტი მცენარეებთან და შესაბამისად, ვითარდება ალერგიული კონტაქტური დერმატიტებიც. არ უნდა დაგვავიწყდეს მწერებისგან თავდაცვაც.

ზაფხულში ასევე ხშირია მზის ალერგიებიც…

დიახ, ძალიან აქტუალურია მზის ალერგია. ზოგადად ეს პრობლემა გაზაფხულზე, მზესთან პირველადი კონტაქტიდანვე ვითარდება, ზაფხულის პერიოდში კი განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება. წინასწარგანწყობილ, სენსიტიურ პირებში გამონაყარი ვითარდება მზის სხივებთან კონტაქტიდან რამდენიმე წუთში, ზოგჯერ კი რამდენიმე საათის ან ორი-სამი დღის შემდეგ. გამონაყარს თან ახლავს ქავილი და განსაკუთრებით ხშირად ვლინდება გულმკერდისა და კიდურების არეებში. ხშირად ვლინდება სიწითლის ფონზე წვრილკვანძოვანი და წვრილბუშტუკოვანი გამონაყარით.

არსებობს ფოტოალერგიული, ანუ ფოტოტოქსიკური ალერგიული რეაქციებიც. ამ შემთხვევაში მხოლოდ მზის სხივებთან კონტაქტი არ იწვევს ალერგიას. ეს პრობლემა ვითარდება მზის სხივებისა და სამკურნალწამლო ნივთიერებების ურთიერთქმედების შედეგად. (სხვადასხვა ტკივილგამაყუჩებელი აბები, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, კოსმეტოლოგიური ან სამკურნალო კრემები).

რა რჩევებს მისცემთ ჩვენს მსმენელს?

თავი შევიკავოთ ,,პილინგისგან“ რადგან დაუცველი კანი ადვილად ზიანდება და ინფიცირდება. მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი საცხების სწორი გამოყენება და რუჯის ზომიერი მიღება. შხაპი უნდა მივიღოთ თბილი წყლით. არ გამოვიყენოთ ცხელი წყალი და ანტიბაქტერიული საპნები (თუ არ გვაქვს აუცილებლობა). კანი დავიტენიანოთ შხაპის მიღებიდან ხუთი წუთის განმავლობაში, არ გამოვიყენოთ კომედოგენური საცხები, უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ,,ცხიმოვანი ფუძის გარეშე“ პროდუქტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები