რუსეთის პრეზიდენტმა ტრადიცია არ დაარღვია და წლის ბოლოს, შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.
ვლადიმირ პუტინმა დღეს, ვიდეოფორმატით გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებისა და რიგითი მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
კიბერთავდასხმები, ალექსეი ნავალნი, ბრძოლა პანდემიასთან და ვაქცინაცია – ის ძირითადი საკითხები იყო, რომელზეც რუსეთის მთავარმა ფიგურამ ისაუბრა.
პუტინმა “ბერლინის კლინიკაში მყოფი პაციენტი” უწოდა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, რომელიც აგვისტოს ბოლოს შეუძლოდ გახდა და სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის წინ, ამერიკულ პრესაში კვლავ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერალური სამსახურის თანამშრომლები, რაც ცხადია კატეგორიულად უარყო რუსულმა მხარემ.
პრესკონფერენციაზე პუტინმა დღეს განაცხადა, რომ ნავალნი აშშ-ის სპეცსამსახურების მხარდაჭერით სარგებლობს:
“ჩვენ შესანიშნავად გვესმის, რასთან გვაქვს საქმე. როგორც პირველ, ისე ამ შემთხვევაში არავითარი გამოძიება ეს არ არის, ეს არის აშშ-ის სპეცსამსახურების მასალების ლეგალიზაცია. ჩვენ ვიცით, რომ ისინი თვალს ადევნებენ ლოკაციას. ჩვენს სპეცსამსახურებს ეს ძალიან კარგად ესმით და ეს ძალიან კარგად იციან. იციან უშიშროების ფედერალური სამსახურის (ეფ-ეს-ბე-ს) და სხვა სპეციალური ორგანოების თანამშორმლებმა. ისინი ტელეფონებით სარგებლობენ იქ, სადაც საჭიროდ მიაჩნიათ ისე, რომ არ დამალონ თავიანთი ადგილმდებარეობა. თუ ეს ასეა და მე გარწმუნებთ, რომ ასეა, ეს ნიშნავს, რომ ბერლინის კლინიკაში მყოფი პაციენტი, მოცემულ შემთხვევაში, აშშ-ის სპეცსამსახურების მხარდაჭერით სარგებლობს.” – თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.
როგორც პუტინმა აღნიშნა, არავის სჭირდება ნავალნის მოწამვლა და ამის სურვილი რომ ჰქონოდათ, საქმეს ბოლოდმე მიიყვანდნენ.
ქვეყნის ლიდერმა კოვიდპანდემიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გარკვეული პრობლემების მიუხედავად, რუსეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით, უკეთ გაუმკლავდა გამოწვევებს. დღევანდელი მონაცემებით, რუსეთში სულ დაინფიცირებულია 2 762 668 ადამიანი, ვირუსს ემსხვერპლა 49 151 პაციენტი. როგორც პუტინმა აღნიშნა:
“დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ როგორც საჭიროა, პრობლემებს ვაგვარებთ. შეიძლება იმაზე უკეთ, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომლებიც სამართლიანად ამაყობენ ეკონომიკური სტაბილურობით და განვითარებული სოციალური სამსახურებითა და ჯანდაცვის სისტემით”.
მისი განცხადებით, კრიზისის ფონზე, რუსეთის საფინანსო სისტემა კვლავ სტაბილურია.
პრესკონფერენციაზე პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსული წარმოების ვაქცინა ჯერ არ მიუღია:
“მე საკმაოდ კანონმორჩილი ადამიანი ვარ. მე ვუსმენ ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციებს. რადგან Sputnik V ვაქცინა ჯერ კიდევ დამტკიცებული არ არის 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, არც მე მიმიღია ის. მაგრამ ამას გავაკეთებ, როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება”, – თქვა მან.
Sputnik V რუსეთში რეკლამირებულია, როგორც მსოფლიოში პირველი რეგისტრირებული კოვიდვაქცინა, რომელის გამოყენების ნებართვაც გასცა მარეგულირებელმა ორგანომ. ფაქტს მოყვა ექსპერტების კრიტიკა, რადგან ვაქცინა იმ პერიოდში მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე იყო გამოცდილი.