LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანონში შეტანილი ცვლილების შემდეგ, საქართველოში ნავთობის გადამუშავებას ორი კომპანია ახორციელებს

137

საქართველოში ნავთობის გადამუშავებას ორი კომპანია ახორციელებს. კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ ნავთობისა და გაზის რესუსრების სახელმწიფო სააგენტომ ორი ლიცენზიია გასცა.

როგორც ,,ფორტუნას” სააგენტოს უფროსმა გიორგი ტატიშვილმა განუცხადა, რამდენიმე თვის წინ კანონში შეტანილმა ცვლილებამ საწარმოებს შესაძლებლობა მისცა ბენზინის გარდა, სხვა ნავთობპროდუქტებიც აწარმოონ, რაც, გარკვეულწილად, მათ საქმიანობას ამარტივებს.

გიორგი ტატიშვილი ამბობს, რომ, ამ დროისთვის, ნავთობის გადამუშავებაზე სააგენტოს ორი ლიცენზია აქვს გაცემული.

„ლიცენზიანტები  მცირე საწარმოები არიან და ძირითადად საქართველოში მოპოვებულ ნავთობს გადაამუშავებენ,“- განაცხადა ტატიშვილმა.

მისი  თქმით, თუ ქვეყანაში მძლავრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდა, შესაძლებელი იქნება ქართული ბაზრის ნავთობპროდუქტებით ნაწილობრივ დაკმაყოფილება. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ყოველწლიურად მილიონ 300 ათას ტონა ნავთობპროდუქტს მოიხმარს.

სააგენტოს უფროსი განმარტავს, რომ, ამ დროისთვის, შვედი ინვესტორები ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობით არიან დაინტერესებულები, თუმცა ეს, ამ ეტაპზე, მხოლოდ იდეის დონეზეა.

ტატიშვილი განმარტავს, რომ, დღეისთვის, ნებისმიერ კომპანიას აქვს ლიცენზიის აღების უფლება, თუნდაც მას ქარხნის მშენებლობა ახალი დაწყებული ჰქონდეს, თუ, რა თქმა უნდა, კანონის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. კანონის მოთხოვნების მიხედვიტ, წარმოებული საწვავი ევრო 5-ის სტანდარტთან მიახლოებული უნდა იყოს და საწარმო გარემოს დაცვით მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი კი ამბობს, რომ დღეს ქვეყანაში იმდენად მცირე წარმოებაა, რომ, ჯერჯერობით, ეს ბაზარზე დადებითად ვერ აისახება.

მისივე ინფორმაციით, კომპანიების მუშაობა ნედლეულის მოპოვებაზეა დამოკიდებული.

მთვრალაშვილი მიიჩნევს, რომ, ამ ეტაპზე, ადგილობრივი ბაზრის თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილება ჩვენთან გადამუშავებული ნავთობით, ფაქტობრივად, გამორიცხულია. ამის ერთი მიზეზი მცირე რაოდენობაა, მეორე კი – ხარისხი, რადგან, მთვრალაშვილის თქმით, ჯერ კიდევ საკითხავია, რამდენად ხარისხიანი იქნება მიღებული პროდუქტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g