LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარასინი სამხრეთ ოსეთის რეფერენდუმის საკითხზე ქართველ კოლეგას ესაუბრა

116
96598448-1369-424A-96D6-1F302666F1EF_w1200_r1

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, ქართველ კოლეგებთან ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“ დაგეგმილი „რეფერენდუმი” განიხილა.

შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

„მოკლედ ვისაუბრეთ, ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელიც აწუხებს ჩვენს ქართველ პარტნიორებს, ჩვენ ამას ყურადღებით ვაკვირდებით“, – განუცხადა კარასინმა სააგენტოს.

ამასთან, „ტასის“ ინფორმაციით, ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა“ ალან გაგლოვმა სააგენტოს განუცხადა, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა მოსკოვი განაცხადებს, რომ ამის დრო დადგა.

კარასინთან კომუნიკაციას ადასტურებს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე.

როგორც აბაშიძემ პირველ არხს განუცხადა, სატელეფონო კომუნიკაციისას საუბარი შეეხო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, გრიგორი კარასინმა ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან საქართველოს უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ და მათი მხრიდან ეს უყურადღებოდ არ რჩება.

ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ამასთან, როგორც აბაშიძემ განმარტა, ამ საკითხზე რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გუშინ შედგა და მისთვის უცნობია, მის გარდა რომელ ქართველ კოლეგას ესაუბრა კარასინი.

ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბრისას საავიაციო რეისების აღდგენის საკითხები არ განხილულა.

ამასთან, აბაშიძის თქმით, პრაღის ფორმატში მორიგი შეხვედრა ჯერ დღის წესრიგში არ დგას.

„რაც შეეხება პრაღის ფორმატში მორიგ შეხვედრას, ეს დღის წესრიგში არ დგას და ჩვენ ვთვლით, რომ ახლა ამის დრო არ არის. საავიაციო რეისების აღდგენის საკითხები არ განხილულა ჩვენი საუბრის დროს. მოკლედ განვიხილეთ საკითხი, ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო პუნქტზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, რუსეთის მხარეს მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, ისინი ვერ ატარებენ სატვირთო ავტომობილების საჭირო რაოდენობას, რის გამოც საქართველოს ტერიტორიაზე თავი მოიყარა მათ შორის სომხეთიდან, თურქეთიდან და უზბეკეთიდან რუსეთის მიმართულებით მიმდინარე სატვირთო ავტომობილებმა. კარასინმა აღგვითქვა, რომ შეძლებისდაგვარად მიიღებს ზომებს ამ ვითარების დასარეგულირებლად. ჩვენ ახლა ჯერ არ განვიხილავთ ავიამიმოსვლის აღდგენას და არც საუბარი ყოფილა ამაზე. ახლა არც შეხვედრის დრო არ არის“, – განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „მოქმედმა პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა „რეფერენდუმი“ რუსეთთან შეერთების შესახებ, 17 ივლისისთვის დანიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g