LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კარგი ექიმების სიმცირეს მთელი მსოფლიო განიცდის, თუმცა საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან სულ უფრო მცირდება კვალიფიციური ექიმების რაოდენობა” – გიორგი ფხაკაძე გადაცემაში „პულსი“

1361
გიორგი-ფხაკაძე

19 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სტუმრობდა, რომელმაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმირებულობის მნიშვნელოვნებაზე ისაუბრა.

– ბატონო გიორგი, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების განათლება და  ინფორმირებულობა ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებისთვის, რა საფრთხეს უქმნის ინფოდემია ზოგადად მსოფლიოს და კონკრეტულად საქართველოს?

– როცა საუბარია სწორ ინფორმაციაზე, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მისი წყარო – ვინ ამბობს, ვინაა ის ადამიანი და რა დგას მის უკან, ანუ ყოველთვის უნდა ვეძებოთ ინფორმაციის პირველწყარო. სამწუხაროდ, პანდემიის დროს, ინფოდემიამ უფრო მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე თვითონ ვირუსმა, რაშიც ექიმების დანაშაულიცაა, რადგან არ გვქონდა სწორი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. საუბედუროდ, ჩვენთვის არავის უსწავლებია მოქალაქეებთან საუბარი და მათთვის საინტერესო თემების მარტივ ენაზე ახსნა.

სიხარულით მინდა აღვნიშნო, რომ 18-20 აპრილს ჯანდაცვის სამინისტროსა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით, საქართველომ ORPHEUS-ისყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა. ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეებში თბილისი უმაღლესი სამედიცინო განათლების სადოქტორო პროგრამების დედაქალაქად იქცა, რადგან  პროფესორები და სამედიცინო უნივერსიტეტების წარმომადგენლები თითქმის მთელი მსოფლიოდან გვეწვივნენ. სწორედ კომუნიკაციის, ინფორმაციის მარტივ და გასაგებ ენაზე მიწოდების პრობლემები განვიხილეთ კონფერენციაზე.

– ბრწყინვალედ შეძელით პანდემიის დროს მოსახლეობის ინფორმირება. რა არის მთავარი ადამიანებთან ურთიერთობისას?

– სოციალურ მედიაში საქმიანობის სოლიდური გამოცდილება მაქვს და სავარაუდოდ, სწორედ ეს გამოცდილება დამეხმარა, მოსახლეობას ყოველთვის მისთვის მისაღებ, გასაგებ ენაზე ვესაუბრებოდი და როგორც ჩანს, ეს აღმოჩნდა ყველაზე ეფექტური. ზოგჯერ პუბლიკის ყურადღების მისაქცევად უხეშობის გამოყენებაც ამართლებს. მაგალითად, უზარმაზარი პოპულარობა მოიპოვა ჩემმა გამოთქმამ, როცა გაბრაზებულმა ვთქვი, „ყველას თავში ქვა გიხლიათ-მეთქი“.

– ადრე ინფორმაციის დეფიციტს ვუჩიოდით, ახლა კი, პირიქით, მისი სიჭარბე აღმოჩნდა პრობლემური, რადგან ზღვარი წაიშალა სანდო და ე.წ. ყვითელ ინფორმაციას შორის. როგორ უნდა დავიცვათ მოსახლეობა არასწორი ინფორმაციისგან და როგორ მივაწოდოთ სწორი, კვალიფიციური ინფორმაცია?

– ძალიან მალე შეიქმნება მედიაჰოლდინგი, რომელიც სისტემატურად მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას ჯანდაცვაზე სხვადასხვა პლატფორმიდან. რა თქმა უნდა, Google-ს ჩვენ ვერ შევცვლით, თუმცა მაქსიმალურად ვეცდებით თანამედროვე ტექნოლოგიების ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებას და სწორი ინფორმაციის გავრცელებას. ყველა ექიმი ვერ იქნება კარგი კომუნიკატორი. მეტიც, ხშირად კარგ ექიმს საერთოდ არ გამოსდის პაციენტთან ურთიერთობა და პირიქით, საოცრად კომუნიკაბელურ, თუმცა ცუდ ექიმებს თავგამოდებით აწყდებიან პაციენტები.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საერთო ჯამში საქართველოში 123 სამედიცინო დაწესებულებაა  ქირურგიისა და რეანიმაციის ლიცენზიით. სწორედ ახლა ვახორციელებთ კანადელებთან ერთად 24 სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო აკრედიტაციას, რაც ავტომატურად გამოავლენს საუკეთესოს მათ შორის. რა თქმა უნდა, ზოგ კლინიკაში მომსახურება ძვირია, ზოგში კი, შედარებით იაფი, თუმცა სწორედ სიძვირე განსაზღვრავს ხარისხს, რადგან წარმოუდგენელია ჯანდაცვა იყოს იაფი.

– ტექნოლოგიების ეპოქაში, თითქოს გაქრა ექიმის პაციენტთან პირადი ურთიერთობის აუცილებლობა. თქვენი აზრით, რამდენად საჭოროა ექიმისა და პაციენტის ინტენსიური კომუნიკაცია?

– ექიმისა და პაციენტის ურთიერთობის არ არსებობა – გლობალური პრობლემაა, რისი მთავარი მიზეზი ბიუროკრატიაა, რადგან კომპიუტერის ეკრანს მიჩერებული ექიმი, რომელსაც უამრავი ანკეტის შევსება უწევს, უბრალოდ დრო არ რჩება პაციენტთან საუბრისთვის, არადა სწორედ ადამიანური ურთიერთობა, ექიმის თბილი სიტყვა და პაციენტის ნდობაა მთავარი და ყველაზე ფასეული, რასაც ვერანაირი ტექნოლოგია ვერ ჩაანაცვლებს.

– რა გამოსავალს ხედავთ არსებული სიტუაციიდან, რამდენად შესაძლებელია ექიმისა და პაციენტის დაახლოება?

– კარგი ექიმების სიმცირეს მთელი მსოფლიო განიცდის, თუმცა საქართველოში კატასტროფული მდგომარეობაა, რადგან სულ უფრო მცირდება კვალიფიციური ექიმების რაოდენობა, მაშინ როცა იზრდება მოსახლეობის რიცხვი. მართალია, თანამედროვე ტექნოლოგიები, ვაქცინები და ახალი თაობის მედიკამენტები მაქსიმალურად უწყობენ ხელს სიცოცხლის გახანგრძლივებას, მაგრამ ნაკლებად კვალიფიციური მედიკოსების ფონზე ყველა მიღწევა უფასურდება. ჩემი აზრით, ექიმს არა მხოლოდ პრაქტიკული გამოცდილება, არამედ აკადემიური განათლებაც უნდა ჰქონდეს, რადგან სხვანაირად შეუძლებელია პაციენტთან სრულფასოვანი კომუნიკაცია.