ექსპერტი გია ხუხაშვილი 9 აპრილს დაგეგმილ აქციის კომენტირებისას, წერს, რომ კარგი იქნებოდა, ახალ თაობას დაენიშნა აქცია.
მისი თქმით, ამით ახალი თაობა აჩვენებდა, რომ „ისინი უარს ეუბნებიან მანკიერ წარსულს, მანკიერ აწმყოს და ირჩევენ მომავალს“.
„რადგან 9 აპრილს დაანონსებული ორი აქცია ისევ წარსულსა და აწყმოს შორის მობეზრებულ და უპერსპექტივო არჩევანს გვთავაზობს, კარგი იქნებოდა, ახალ თაობას, რომელმაც აჩვენა თავისი ძალა და შემართება, დაენიშნა მესამე აქცია.
ამით ეჩვენებინა, რომ ისინი უარს ეუბნებიან მანკიერ წარსულს, მანკიერ აწმყოს და ირჩევენ მომავალს.
ეჩვენებინა, რომ ისინი მეტნი არიან, რომ მომავალი მათ ეკუთვნით, რომ არ არიან დამძიმებული წარსულის შეცდომებით და დანაშაულით, უყვართ ეს ქვეყანა და იციან როგორ მოუტანონ მას თავისუფლება და კეთილდღეობა.
ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის, ამ ქალაქის მაცხოვრებელთა უმრავლესობა სწორედ მათთან მივა და ამით იტყვის თავის სათქმელს – რომ დროა უკან მოვიტოვოთ ზიზღით და სიძულვილით გაჟღენთილი წარსული და აწმყო ვიფიქროთ მომავალზე…
პირადად მე იქ მივიდოდი“..- წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსა.
პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს შეკრებისკენ მოუწოდა.