„ნამახვანჰესი“ არის ერთ-ერთი იმ რამდენიმე მსხვილ ჰიდროსადგურთაგანი, რომელიც განამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. „ნამახვანჰესის“ აშენებაზე დღეს გადის ჩვენი ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ხაზი და ბრძოლის ველი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა,
მისივე განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი გაკეთდა იმისათვის, რომ პროტესტი და ძირითადი კითხვები მოხსნილიყო. „იცით, რომ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე არ მოხდება სანდო ექსპერტების მიერ ყველა ძირითადი კვლევის გადამოწმება. ეს პასუხობს იმ წუხილს, რაც უსაფრთოებას და ეკოლოგიას შეეხებოდა. იქმნება ხეობის განვითარების ხუთმილიონიანი ფონდი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის ყველა საჭიროებას დააფინანსებს და საჭიროების შემთხვევაში კიდევ გაიზრდება. მშენებლობის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დიდი საზოგადოებრივი საბჭო და ისიც გააკონტროლებს, რომ იყოს ყველას ჩართულობა. ამიტომ, ყველა ობიექტური, რაციონალური შეკითხვა ამით მოვხსენით“, – განაცხადა ნათია თურნავამ და აღნიშნა, რომ ხალხი თვითონ გადაწყვეტს, რაში დაიხარჯება 5 000 000.
რაც შეეხება კომპენსაციებს, მინისტრის განმარტებით, კომპანიამ 280 ოჯახზე ადგილზე უკვე 34 მილიონ ლარამდე გასცა.