როგორ უნდა განსაზღვროს მშობელმა ბავშვის ნიჭიერება და რა უნდა გაითვალისწინოს ზაფხულში – თემა მუდმივად განხილვის საგანია.
საკითხზე საინტერესო მოსაზრებას გამოთქვამს ბავშვთა ნევროლოგი, ბაკურ კოტეტიშვილი.
როგორც ნევროლოგმა მარი მალაზონიას საავტორო გადაცემაში “პირადი ექიმი” აღნიშნა, თუ ბავშვის განვითარება სწორად მიდის, არ შეიძლება, რომ ზარმაცი იყოს.
“აქ ორი ფენომენია: მას პრობლემა აქვს ინტელექტუალური თვალსაზრისით ან არის პედაგოგის პრობლემა.ჩვენს დროს იყო უამრავი პედაგოგი, რომელმაც თავის საგანი ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ სწორად გადმოცემა არ შეეძლო. ვერ უზიარებდა ბავშვებს. ამიტომ ბავშვთან, რომელსაც არ ესმოდა საგნის არსი, გადადიოდა ყოველთვის ჩხუბზე.
თუ ესეთი ფრაზა აქვს მასწავლებელს: “აქ რა არის გაუგებარი, რა უნდა ამის გაგებას?”, ბავშვს პედაგოგის მიმართ და ზოგადად საგნის მიმართ უყალიბდება ნეგატივი. შესაბამისად, თუ ფიქრობს მშობელი, რომ ბავშვი ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი, უნდა დავინტერესდეთ, რომ ხომ არ არის ბავშვის გონებრივ განვითარებაში რაიმე შეფერხება და ამას სიზარმაცით ვხსნით, ან ხომ არ არის პედაგოგში პრობლემა. მუდმივი ძახილი, რომ ბავშვი ზარმაცია, მას თვითშეფასებას უქვეითებს, ფიქრობს, “მე ხომ ზარმაცი ვარ, რაღაზე ვისწავლო”. ეს ერთი შეხედვით უბრალო სიტყვები მის გონებაში ყალიბდება, როგორც ნეგატიური კლიშე და ამას მოზრდილობაშიც გამოიყენებს.
“მე მაინც არ შემიძლია გათოხნა”… მითხარით, გათოხნას რა ნიჭი სჭირდება? – არაფერი, მაგრამ ძალიან ბევრი ამბობს, რომ არ შეუძლია ამის გაკეთება, ამიტომ, აღარც აკეთებს. ანუ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს კარგავს და იქცევა ისე, როგორც მას აწყობს.”
რაც შეეხება კითხვას რამდენად შესაძლებელია ნიჭიერების წვრთნა, ბაკურ კოტეტიშვილი ასე პასუხობს:
“ზაფხული, ეს თავისუფლებაა. ეს არის ადგილისა და გარემოების გამოცვლის პერიოდი. ჩვენ ამას “ჰაერზე წაყვანას” ვეძახით. სინამდვილეში, ჰაერი კი არა, სივრცეა მთავარი ბავშვის განვითარებისთვის, რომელიც ქალაქის ტიპის დასახლებაში შეზღუდულია. სულ რომ 10 ოთახიანი ბინა გქონდეთ, ის მაინც ჩაკეტილი სისტემაა. შესაბამისად, ზაფხული, თავისუფლება, მინდორი, სივრცე – ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. ასევე, კატეგორიულად არ შეიძლება ზაფხულში ბავშვებისთვის დავალებების მიცემა. ეს ანტიპედაგოგიკაა. მშობლებსაც უხარიათ, რომ ერთ-ორი საათი დასვამენ და ამეცადინებენ ბავშვებს. არაფერი უნდა გააკეთონ, უნდა ირბინონ – ეს განვითარებაა და მიეცით საშუალება, რომ განვითარდნენ.