შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის შეთანხმება მიღწეულია. “კავკასუს ონლაინის” საოპერაციო აქტივებს (კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო) “მაგთოკომი” იყიდის. შეწყვეტილი მოლაპარაკება მხარეებს შორის მარტში განახლდა და ურთიერთგაგების მემორანდუმიც გაფორმდა.
მემორანდუმის მიხედვით, “კავკასუს ონლაინმა” “ბილაინთან” მიმდინარე მოლაპარაკებები შეწყვიტა. ამის შესახებ “მაგთიკომის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“დღეს, შპს „მაგთიკომსა“ და შპს „კავკასუს ონლაინს“ შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს. მემორანდუმი მოიცავს შპს „მაგთიკომის“ მიერ შპს “კავკასუს ონლაინის“ საოპერაციო აქტივების (კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო) შეძენაზე ურთიერთშეთანხმების პირობებს. მემორანდუმით შპს „კავკასუს ონლაინთან“ მიღწეულია ექსკლუზიური შეთანხმება, რაც გულისხმობს შპს „კავკასუს ონლაინის“ მხრიდან ნებისმიერ სხვა მესამე მხარესთან მოლაპარაკების შეწყვეტასზე, რომელიც საფუძვლად დაიდება საოპერაციო აქტივების (კორპორაციული და საცალო მომსახურებისთვის საჭირო) ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას,”- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 11 აგვისტოს, შპს „მაგთიკომმა“ და შპს „კავკასუს ონლაინმა“ ერთობლივად მიმართეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მაგთიკომის მხრიდან კავკასუს ონლაინის აქტივების ნასყიდობის დასაშვებობის თაობაზე. კომისია, კომპანიებს წინასწარი თანხმობაც მისცა, თუმცა მოგვიანებით მხარეები აქტივების ფასზე ვერ შეთანხმდნენ და “კავკასუს ონლაინის” აქტივების შეძენის სურვილი რუსულმა “მობიტელმა” (ბილაინი) გამოთქვა.
კომისიამ დღეს განცხადებაც გაავრცელა და შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება 5 აპრილს დაანონსა, თუმცა, სავარაუდოდ, ეს საჭირო აღარ გახდება.
“მაგთიკომსა“ და „კავკასუს ონლაინს“ შორის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება 2016 წლის 30 მაისამდე გაფორმდება. აქტივების გადაცემის, ანუ ინტეგრაციის პროცესი გასტანს რამდენიმე თვეს. მომხმარებლებს წინასწარ ეცნობებათ თარიღი, რის შემდეგ საკაბელო ინტერნეტის, ინტერნეტ ტელევიზიის და ფიქსირებულ ტელეფონიის მომსახურებას გაუწევს შპს „მაგთიკომი“. კომპანიაში აცხადებენ, რომ გადართვის პროცესი განხორციელდება უწყვეტ რეჟიმში.