მწერალი გიორგი კეკელიძე და მისი მეუღლე, მარიამ სოსელია ახლახან მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა – კეკე შეეძინა, რომელმაც მთლიანად შეცვალა მშობლების ცხოვრება. გიორგი კეკელიძე fortuna.ge-ს თავის ემოციებს უზიარებს ახალბედა მამობასთან დაკავშირებით.
გიორგი, პირველ რიგში, გილოცავთ პატარას შეძენას. გაგვიზიარეთ თქვენი პირველი ემოციები, როდესაც გაიგეთ, რომ თქვენ და თქვენი მეუღლე პირველ შვილს ელოდით და როგორი იყო ეს მოლოდინი?
მადლობა დიდი. მოლოდინი არის ყველაზე რთული ამბავი ჩემთვის, ამიტომაც ვცდილობდი, ეგ დრო შრომის გაათმაგებით გადამეფარა, რადგან მეჩქარებოდა ეს ამბავი. მეჩქარებოდა და ხანაც არ მეჩქარებოდა კიდეც, რადგან რაღაც დიდთან და ჯერაც უცხოსთან შეგუების დრო მოდიოდა.
თუ დაესწარით მეუღლის მშობიარობას?
დიახ. ვფიქრობ, რაც მხარდაჭერის ეს ფორმა, იმ მცირე შესაძლებლობებიდან, რაც კაცს ამ დროს აქვს – ერთ-ერთია. ადრე დავწერე კიდეც; არის გმირობები, რომლებიც, რომც არ გამოცადო – გასაგებია. თუნდაც ძალიან შორეული და გზაზე ძნელად შესახვედრი. არის ისეთი, რომელსაც ვერასდროს გაიგებ, რაც უნდა ახლოს იდგეს მასთან, განიცდიდე, მონაწილეობას ცდილობდე და შეხიდებას.
კეკე 7 მაისს, ნაშუადღევს, ხუთი ნახევრისკენ დაიბადა. მანამდე იყო მარიამის ერთი დღე ამ ლოგინზე და ცხრა თვე სხვაგან. ამ ცხრა თვის ყველა დღე გამოდგა სხვადასხვანაირი, თითქოს მთავარი გმირის ცხოვრებას წინასწარ იმეორებდა – დაბადებამდე. ტკივილით, უძალობით, ცრემლით, ღიმილით, სიხარულით, ძალით. მე დავესწარი მშობიარობას. ალბათ ეს ზმნა ყველაზე ზუსტია, რამდენადაც სიტყვა დამსწრე არის მაინც უთვისებო და ვერთანაგამცდელი. მშობიარეს თავთან დგახარ და ხვდები, სინათლის წლის მანძილით შორს ხარ ამ მისტერიასთან – შიშთან, ტანჯვასთან, რომელმაც უნდა შვას მიუწვდომელი და მაინც მოულოდნელი ბედნიერება. მოულოდნელი – ამდენი დღის ფიქრით მაძღარი ლოდინის მიუხედავად.კი. გმირობაა. კაცობრიობის ნახევრისთვის მუდამ გამოუცდელი გმირობა და მანძილი, რომელსაც ვერასდროს დავფარავთ და ვერასდროს დავეწევით. სულ უკან მიდევნებული ვიქნებით.
მეორე მიზეზი ის იყო, რომ მე ობსესიური ადამიანი ვარ და სადაც არ ვმონაწილეობ, ყველაფერი მეტ ღელვას იწვევს. ასე მერჩივნა.

შეგიძლიათ გაიხსენოთ პირველი ემოცია, როდესაც გააცნობიერეთ, რომ მამა გახდით?
ფაქტის ემოცია მახსოვს, მაგრამ განცდის გააზრება და გაცნობიერება ჯერაც ვერ შევძელი.
რამდენად ხართ ჩართული თქვენი ქალიშვილის აღზრდაში?
რაც შემიძლია, თუმცა ეს შესაძლებლობა, დედის როლთან შედარებით, უმწირესია. სამომავლოდ, უფრო მეტის გაკეთებას შევძლებ. მინდა, უახლოესი მეგობრები ვიყოთ.
ალბათ, გაქვთ ოცნებები მასთან დაკავშირებით. გაგვიზიარეთ, როგორი გოგონა გინდათ, რომ იყოს თქვენი კეკე, რას ისურვებდით მისთვის?
მინდა, რომ საინტერესო და შეძლებისდაგვარად მშვიდი ცხოვრება ჰქონდეს. საინტერესო – თუნდაც ჩემსავით და მშვიდი – ჩემგან განსხვავებით. თუ ამ ორი რამის მორიგება შეიძლება, ცხადია.
არცთუ ადვილი პერიოდები გაქვთ გამოვლილი, დღეს რა ეტაპია თქვენს ცხოვრებაში?
კვლავაც მღელვარე, მაგრამ შევეგუე და უამისოდ თითქოს ვერც ვიცხოვრებ. ვერ გამოვდექი ჩრდილის და ნირვანის ადამიანი, თუმცა წლების მერე მინდა, ეგ სიმაღლეც მოვინადირო.
ფიქრობთ, რა იქნება წლების შემდეგ და როგორი იქნება თქვენი ცხოვრება? თქვენ და თქვენი მეუღლე კიდევ თუ ფიქრობთ შვილებზე?
კეკეზე ვფიქრობ. საკუთარ თავზე ნაკლებად. მართლა გადაჭარბებაა ეგოზე შვილი. სხვა გეგმას პირადი ცხოვრებისას ნაკლებად ვაწყობ, ყველაფერი სპონტანურად და მოულოდნელად ხდება თითქოს.
რა იქნება ის ერთი მთავარი რამ, რასაც თქვენს შვილს ასწავლით?
დააკვირდეს სამყაროს. მე სხვა არაფერი შემიძლია.
