დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მოსახლეობამ არ უნდა შეიქმნას ილუზია, რომ კორონავირუსი დამარცხებულია. ამირან გამყრელიძის თქმით, შეზღუდვები ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების მიხედვით, ეტაპობრივად შემსუბუდება, თუმცა რისკები მაინც არსებობს.
მისი თქმით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, 5-ჯერ არის შემცირებული დადებითობის მაჩვენებელი და მოსახლეობა არსებულ პროგრესს უნდა მოუფრთხილდეს. სწორედ ამ მიზეზით, გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან წესები.
“რამდენიმე ინდიკატორი – 14 დღე ინციდენტობა, ერთი თვის განმავლობაში სიკვდილიანობა და დადებითობის მაჩვენებელი დღეს გვეუბნება, რომ შესაძლებელია, გარკვეული შემსუბუქებისკენ გადაიდგას ნაბიჯები. ამიტომ მთავრობის მიერ დღეს გამოცხადდა ახალი გადაწყვეტილებები. რისკები ყველა შემსუბუქების დროს არის, თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ და ისევ შევიქმნით ილუზიას, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ.
უნდა ვიყოთ ფრთხილად, ყველამ ვატაროთ პირბადე. ხალხი ბრაზდება, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ ჩვენ კიდევ ერთი წელი ან ცოტა მეტი პირბადის ტარება დაგვჭირდება. მესმის, გარკვეული უხერხულობა არის, მაგრამ ვიდრე მოსახლეობის 70 პროცენტი არ აიცრება, ვიდრე არ დამტკიცდება რომელიმე ძალიან ეფექტური წამალი, პირბადე, ხელების დაბანა, დისტანცია და სხვა აუცილებელი იქნება. რამდენადაც ნაწყენი არ უნდა დარჩეთ ჩემზე, ამას უნდა შევეგუოთ, მე მოვალე ვარ, მოსახლეობას სიმართლე ვუთხრა“. – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.