LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანძარი „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში – „დაიწვა 18-სართულიანი შენობის სატვირთო ლიფტის შახტი, არავინ დაშავებულა…“

221
ხანძარი ლიბერთი ბანკში

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკის“ სათავო ოფისში ცეცხლი შენობის ლიფტის შახტში გაჩნდა.

როგორც ჟურნალისტებს ადგილზე მყოფმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

„დაიწვა 18-სართულიანი ბანკის სათავო ოფისის სატვირთო ლიფტის შახტი. დაშავებული, საბედნიეროდ, არავინაა. მობილიზებულია 20 სახანძრო ავტოტექნიკა ამ დროისთვის. ხანძარი ბოლომდე ლიკვიდირებულია, სრულად. წინასწარ ვერაფერს მოგახსენებთ, ხანძრის მიზეზი რა შეიძლება, ყოფილიყო, ამ დროისთვის ცნობილი არაფერი არ არის, ჯერჯერობით. სავარაუდოდ ხანძარი რამ გამოიწვია, ვერ გეტყვით. როგორც ადმინისტრაცია გვიყვება, ეს არის ლიფტის შახტი, სადაც ხანძარი იყო გაჩენილი. შიგნით არავინ იმყოფებოდა. სწრაფი რეაგირების შედეგად, მოხერხდა, რომ ოფისში, ფართებში არ იყო გავრცელებული ხანძარი. დროულად მოხდა ლიკალიზება და უკვე ლიკვიდაციაც“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ბექა გოგიჩაიშვილის განცხადებით, ხანძარი გარე ფასადზე არსებულ შახტში გაჩნდა და საოფისე სივრცეში არ გავრცელებულა.

„ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი გაჩნდა დამხმარე ლიფტის შახტში, რომელიც არის გარე ფასადზე. შესაბამისად, ხანძარი არ გავრცელებულა საოფისე სივრცეში. ბანკის ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურა არის დაუზიანებელი. შესაბამისად, ბანკის სერვისების მიწოდებას საფრთხე არ ემუქრება. ძალიან კარგად იმუშავა საგანგებო სიტუაციების სამსახურმა, რომელმაც დროულად აღმოფხვრა ხანძარი“, – აღნიშნა ბექა გოგიჩაიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g