LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ბრალი კიდევ ორ პირს წარედგინა

175
ხანუმ ჯეირანოვა

პროკურატურამ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე ბრალი კიდევ ორ პირს წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა 2014 წლის 16 სექტემბერს ხანუმ ჯეირანოვა ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ორი დღის შემდეგ ხანუმ ჯეირანოვამ (2014 წლის 18 სექტემბერს) თავი მოიკლა.

პროკურატურამ სავარაუდო დამნაშავეებს ბრალი 8 წლის შემდეგ, გაეროს გადაწყვეტილების შემდეგ წარუდგინა. გაერომ სახელმწიფოს დაავალა, გადაიხადოს ადეკვატური კომპენსაცია და ოფიციალურად მოუხადოს ბოდიში ჯეირანოვას შვილებს.

გაეროს ქალთა კომიტეტმა საქართველოს მოუწოდა, ჩაატაროს სწრაფი, საფუძვლიანი და დამოუკიდებელი გამოძიება ჯეირანოვას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები.

ცნობისთვის, ბრალდებულებმა ხანუმ ჯეირანოვას თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფლის ცენტრში მიიყვანეს.

ბრალდებულები მას სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ „ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო“, იგი უნდა დასჯილიყო.  

პროკურატურის ცნობით, „ბრალდებულები მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ.“

ამის შემდეგ ხანუმა მშობლების სახლში გაამწესეს, სადაც მან ღამით თავი მოიკლა. გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია.

ხანუმას ქმარმა, აჯი გასანოვმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ერთ-ერთი კაცი, რომელმაც სახალხოდ შეურაცხყო მისი ცოლი. მას პატიმრობა მიუსაჯეს.

ბრალდება ორივე პირს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინათ.

დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g