LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 წლის შემდეგ, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე, რის გამოც ქალმა თავი მოიკლა, 3 პირს ბრალდება წარედგინა

175
BeFunky-collage (1)

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქმე უკავშირდება 2014 წლის 16 სექტემბერს მომხდარ ფაქტს, რის შედეგადაც საგარეჯოს რაიონში, სოფელ ლამბალოში 30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი მოიკლა.

“საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.გ.-მ, ა.გ.-მ და გ.ა.-მ სხვა პირებთან ერთად, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ხ.ჯ.-ს ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება და სოფლის მოსახლეობის წინაშე დამცირება გადაწყვიტეს.

2014 წლის 16 სექტემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში ბრალდებულებმა, ხ.ჯ. ავტომანქანიდან ძალის გამოყენებით გადმოიყვანეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდგომაც მოსახლეობის წინაშე დამცირების განზრახვით, ბრალდებულებმა დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ავტომანქანაში ჩასვეს და სოფლის ცენტრში მიიყვანეს.

სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, იგი უნდა დასჯილიყო. ისინი მოქმედებდნენ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით და მიაჩნდათ, რომ დაზარალებულზე, როგორც ქალის ნებაზე ზემოქმედების და მისი ბედის განკარგვის უფლება ჰქონდათ.

ბრალდებულების და ჯგუფის სხვა წევრების ქმედების შედეგად 2014 წლის 18 სექტემბერს ხ.ჯ.-მ თავი მოიკლა”, – აცხადებენ პროკურატურაში.

სამივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) და 144-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ცნობისთვის, 2021 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ხანუმ ჯეირანოვას საქმეზე გაეროს ქალთა უფლებების კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო ქალის დაცვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g