ხარაგაულში, რკინიგზის მშენებლობაზე მუშის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, უსაფრთხოების წესების დარღვევა გახდა. ინფორმაცია პროფკავშირების წარმომადგენელმა სოფელ ზვარეში შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ გაავრცელა.
კომპანია ,,ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს” თანამშრომელს სატვირთო მანქანით მიწა გადაჰქონდა, როდესაც ავტომობილი დაგორდა და მეორე მანქანას დაეჯახა.
„თვალნათლივ ჩანს, რა მდგომარეობაშია მანქანები, არ აქვთ საქარე მინები, არ გააჩნიათ შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, რამაც გამოიწვია ეს შედეგი,“-განაცხადა რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის აპარატის ხელმძღვანელმა, პაატა ნინუამ.
უსაფრთხოების ნორმების დარღვევაზე საუბრობენ ადგილობრივებიც. შსს-მ კი გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.