1-ელ აპრილს რადიო „ფორტუნას“ და ნია მოძმანაშვილის გადაცემას „რას უსმენენ ცნობილები“ პიარ სპეციალისტი, წამყვანი – ხატია შამუგია სტუმრობდა, რომელმაც რადიოს მსმენელს თავისი რჩეული 7 სიმღერა გაუზიარა.
-ხატია, შენთვის ძალიან ორგანულია წამყვანობა და დღეს ისევ გაქვს შესაძლებლობა, რომ წამყვანის ამპლუა მოირგო და მსმენელებს შენი რჩეული სიმღერები შესთავაზო.
-სხვათა შორის, დღემდე მაქვს გამოყოლილი ეს ყველაფერი და ხშირად მესიზმრება, რომ მავიწყდება ღილაკზე ხელის დაჭერა და რაღაც ვერ გამყავს ეთერში, შფოთვით მეღვიძება ხოლმე. წარმოიდგინე, როგორ მაქვს დალექილი ეს 12-წლიანი გამოცდილება. ჩემი გული, სული და სიყვარულია ადგილი, სადაც ახლა ვარ. თუ ვინმე თვლის, რომ ჩემი კარიერა შედგა, რა თქმა უნდა, ეს რადიო „ფორტუნას“ დამსახურებაა. ეს არის ნამდვილი ფორტუნა, რომელიც აუცილებლად გაგიღიმებს. სულ ვამბობ ხოლმე, ტელევიზიას რომ გადავხედოთ, თუ ვინმე წარმატებულია, დახვეწილად მეტყველებს და რამეს წარმოადგენს, ყველას „ფორტუნას“ უდიდესი სკოლა აქვს გავლილი.
ეს სიმღერა თინეიჯერობის პერიოდს უკავშირდება, „პლაკატები“ რომ გვქონდა ხოლმე გაკრული ოთახებში და ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი იყო ჯგუფი „Jamiroquai“ . „ისთერნ პრომოუშენმა“ ოცნება აგვიხდინა და „Jamiroquai“ საქართველოში ჩამოიყვანა, ვიხილეთ საოცარი ჯეი ქეი, თავისი ექსცენტრულობით, ულამაზესი ქუდით, პლასტიკით და არაჩვეულებრივი რეპერტუარით. ჯეი კეი ყველა გოგოს გულთამპყრობელი იყო.
ეს ჩემი ყველაზე საყვარელი სიმღერაა. კარაოკეში ან კლუბში ყოფნისას, გამორიცხული იყო, რომ ეს სიმღერა არ მომეთხოვა, სახლშიც სულ ვუსმენ და მახსენდება ძალიან მაგარი, ლამაზი, ენერგიული, „გაბრჭყვიალებული“, გემოვნებიანი თბილისი. ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს ამ სიმღერასთან და მინდა მივუძღვნა ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი.
-რომელი იყო შენთვის გამორჩეულად საყვარელი სიმღერა, როცა რადიოში დაიწყე მუშაობა?
-პირველი სიმღერა, რაც ეთერში გავუშვი ეს იყო ლეგენდარული ოქროს ჰიტი- That’s What Friends Are For და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სიმღერა იყო Al Jarreau – Says, ყველა ეთერში ვუშვებდი ხოლმე. როცა რადიოში დავიწყე მუშაობა, ასაკით პატარა ვიყავი და ჩემთვის ძალიან უჩვეულო იყო ყოველი საათის ბოლოს კლასიკური მუსიკა, ახლა ისეთი დიდი სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე. კლასიკური მუსიკა, ბევრ რამესთან ერთად, ამ რადიოში ვისწავლე.
როგორც მუსიკოსი ძალიან მომწონს „The weeknd“ და ამ პატარა ასაკში ისეთ ვარსკვლავებთან მიაწერენ რომანებს, დაწყებული ბელა ჰადიდიდან, დამთავრებული ანჯელინა ჯილით, რომ კიდევ უფრო ამაღლდა ჩემს თვალში, არა მხოლოდ როგორც მუსიკოსი.
მინდა ყველა გემოვნებიან ადამიანს მივუძღვნა ეს სიმღერა. ვგიჟდები ბრუნო მარსზე და ვოცნებობ მის კონცერტზე წასვლაზე.
მერაბს არ უყვარს ამას რომ ვამბობ, მაგრამ მერაბ სეფაშვილი ნომერ პირველია, შეუდარებელია და ეს ყველამ იცის. მისი კონცერტები ნამდვილი დღესასწაულია. ვგიჟდები ამ სიმღერაზე და სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ჟღერდა „ფორტუნას“ ეთერში, სანამ ბოლომდე არ მოვუსმინე, სახლში არ ავედი. საოცარია ამ სიმღერის ვიდეოც, ტექსტიც, მუსიკაც და შესრულებაც, რაც კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ მერაბი მაინც მერაბია.
2.Jay-Z feat. Alicia Keys – Empire State of Mind
ეს სიმღერა ერთგვარი ჰიტია, დიდი დრაივი მოაქვს. ალისია ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ვოკალისტია. დღეს გადიოდა „ფორტუნაზე“ ეს სიმღერა და იმხელა ხმაზე მქონდა ჩართული, თინეიჯერივით მომივიდა, სამსახურში რომ მივედი, ხმაზე ყველამ გამოიხედა. წარმოუდგენელია, სხეულით არ აჰყვე ამ სიმღერას და არ შეიგრძნო ის, რასაც თავისუფალი სული ჰქვია, ამერიკა ხომ თავისუფლების სიმბოლოა.
კიდევ ერთი ფანტასტიკური შემსრულებელი უნდა მოვასმენინო ჩვენს მსმენელს. სტეფანესთან ბავშვობიდან ვმეგობრობ და მიხარია, რომ ასეთი კარგი და გემოვნებიანი მომღერალი გვყავს ქართველებს.