პარტია “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ წალენჯიხაში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაციაზე მოქალაქეებს სიტყვით მიმართა.
ხაზარაძის განმარტებით, წალენჯიხაში ახალი კარი გაიხსნა და ახალი შესაძლებლობები გაჩნდა.
მისი თქმით, სურთ, შექმნან პრეცედენტი, რომ წალენჯიხა მიზიდულობის ცენტრი გახდეს:
“ქართულმა ოცნებამ” – რუსული ტიპის მმართველობამ, ანაკლიის პროექტი გააჩერა, მაგრამ დროებით, იქ რომ გააჩერა და კარი დახურა, წალენჯიხაში ახალი კარი გახსნა. ჩამოვედით, რათა შევქმნათ პრეცედენტი, რომ წალენჯიხა გახდეს მიზიდულობის ცენტრი.
როდესაც ვიყავი ბიზნესში, დავიწყე უცხოელ – ამერიკელ, ჰოლანდიელ და სხვა პარტნიორებთან ერთად ანაკლიის პროექტი.
ქვეცნობიერი მიზანი იყო, რომ გამეკეთებინა ისეთი პროექტი, რომელიც იქნებოდა მიზიდულობის ცენტრი და გამრღვევი იმ პარადიგმის, რომელიც 30 წლის განმავლობაში ვერ გავარღვიეთ. უნდა დაგვეწყო ახალი ფურცელი ეკონომიკაში; საქართველო მსოფლიოსთვის გამხდარიყო კავკასიის დიდი კარიბჭე; ამავე დროს, ჩვენი ძმები – აფხაზები ისეთი გრანდიოზული პროექტის თანამონაწილე გამხდარიყვნენ, როგორიც ანაკლიაა. ეს პროექტი ჩემი მოგონილი არ არის, ეს პროექტი არც წინა ხელისუფლების მოგონილია. ეს პროექტი 50 წელია რაც არსებობს, მაგრამ არასდროს განხორციელებულა”, – თქვა ხაზარაძემ.
