LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხე-მემკვიდრეობა“, “ხე-ისტორია” – შერჩეული 100-დან რომელს მიენიჭება ბუნების ძეგლის სტატუსი

მსოფლიოში უამრავი ბუნების ძეგლია, რომლებიც დიდი ისტორიის მატარებლები არიან და რომლებმაც საუკუნეებს გაუძლეს. სამწუხაროდ, ამ ძეგლების უმეტესობის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას თითქმის, არ აქვს. საერთაშორისო პრაქტიკაში კი, მსგავსი ტიპის ძეგლებს თავისი, ცალკე გამოყოფილი სტატუსი აქვს. მსოფლიოში აპრობირებული მეთოდია, რომ რომელიმე კონკრეტულ ძეგლს საკუთარი სახელიც კი დაარქვან, მაგალითად, „ხე-მემკვიდრეობა“, “ხე-ისტორია”. გასაკვირი არც ის იქნება თუ ვიტყვით, რომ საზღვარგარეთ მოსახლეობა განსაკუთრებით იცავს და უფრთხილდება მსგავსი ტიპის ძეგლებს.

პრომეთეს მღვიმე

რადიო „ფორტუნამ“ გაარკვია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტოში არსებობს ნუსხა იმ ობიექტებისა, რომელიც პოტენციურად ბუნების ძეგლის სტატუსის მატარებელია. დაახლოებით 100-მდე ობიექტი აქვთ შერჩეული, რომელსაც ეტაპობრივად შეისწავლიან და გადაწყვეტენ, რომელს შეიძლება მიენიჭოს ბუნების ძეგლის სტატუსი.

რა არის, როგორ ხდება და რა სტანდარტებით ირჩევა ბუნების ძეგლი, ამ და სხვა შეკითხვით რადიო „ფორტუნამ“ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსს, ნატო სულთანიშვილს მიმართა.

“ბუნების ძეგლად მოიაზრება ის ობიექტები, რომლებიც არის პირველ რიგში განსაკთრებული, ბუნებრივად და მემკვიდერობით გამოხატული რამ, რაც ადამიანის ხელით ვერასდროს შეიქმნებოდა და ბუნებამ შექმნა, როგორც საოცრება. ეს შეიძლება იყოს ჩანჩქერი, ხე, მღვიმე, უნიკალური გამოქვაბული, საუკუნოვანი მუხის ხე და მსგავსი ობიექტები,” – განმარტავს ნატო სულთანიშვილი.

მისივე თქმით, დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიებისაგან განსხვავებით, ბუნების ძეგლი არის მცირე ობიექტი, მაგრამ რადგან ხასიათდება თავისი უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობით, იმის მიხედვით, აკმაყოფილებს თუ არა ბუნების ძეგლის სტატუსს, ამის შემდგომ ხდება მისთვის ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭება.

 

სათაფლიას კარსტული მღვიმეები

როგორ ხდება ბუნების ძეგლის სახელის მინიჭება ამა თუ იმ ობიექტისთვის

ამისთვის პირველ რიგში საჭიროა, შერჩეული ობიექტის მახასიათებლების შესწავლა, ადგილზე დათვალიერება, შეფასება, რამდენად არის ნამდვილად ბუნებრივი, ხელთუქმნელი, არადაზიანებული, არ არის ადამიანის მიერ სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელებული და არ არის მისი იერსახე შეცვლილი. რაც მთავარია, რამდენად არის ის განსაკუთრებული ობიექტი. ამ ობიექტის შეფასებისთვის, საჭიროა ექსპერტების ჩართულობა.

ბუნების ძეგლის სტატუსი შეიძლება მივანიჭოთ მხოლოდ კლდეს ან ხეს ან რომელიმე კონკრეტულ ობიექტს, თუმცა მაგალითისთვის, სათაფლია ბუნების ძეგლის სტატუსის მატარებელია, პრომეთეს მღვიმეც, ანუ ხდება იმ ადგილის სრული შეფასება ან ერთი კონკრეტული ობიექტის ან მის გარშემო ტერიტორიის. ძალიან მნიშვნელოვანია მის გარშემო ბიომრავალფეროვნება, თუ რა ფასეულობას წარმოადგენს და აკმაყოფილებს თუ არა ბუნების ძეგლის სტატუსს ეს ტერიტორია.

საზღვარგარეთ ბუნების ძეგლის სტატუსის მქონე ობიექტებს თავისი კონკრეტული სახელებიც კი აქვს, მაგალითად, „ხე-ისტორია“, „ხე-მემკვიდრეობა“, საქართველოში თუ არის მსგავსი ტენდენცია თუ მხოლოდ ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭება ხდება?

პრომეთეს მღვიმე

„ისტორიულად, ობიექტი ვის მიერაც არის აღმოჩენილი ან რომელიმე ექსპედიციის მიერ, ან თუ რამე სახელსაც უკავშირდება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ამ ძეგლს ჰქონდეს მისი სახელი, ეს ისტორიულად განსაზღვრების სახით, თუმცა აქ შეიძლება სხვადასხვა მიდგომით ვიხელმძღვანელოთ. გააჩნია იმ დაარსების პროცესში ვინ მუშაობდა, რა პროცესები მიმდინარეობდა და ვინ იყო ჩართული მის აღმოჩენაში,“ – განაცხადა ნატო სულთანიშვილმა რადიო “ფორტუნასთან” საუბრისას.

ამ ეტაპზე დაცული ტერიტორიების სააგენტოს აქვს 40 ბუნების ძეგლის სტატუსის მატარებელი ობიექტი, მათ შორის ეს ყველაფერი გადანაწილებულია სხვადასხვა ტერიტორიულ ადმინისტრაციებში სამართავად.

მარტვილის კანიონი

სპეციალისტის შეფასებით, ინფორმირებულობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ბუნების ძეგლის, ისევე როგორც სხვა დაცული ტერიტორიების კატეგორიების ზუსტი და სრული ინფორმირებულობა საზოგადოებაში მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ეს ხელს უწყობს გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლებას, საზოგადოების დამოკიდებულებას, ქცევის ცვლილებასა და თავის მხრივ იმის ცოდნას, თუ რა ბუნებრივი საგანძური გააჩნია ჩვენს ქვეყანას და რომ გვაქვს საშუალება ამ უნიკალური ობიექტის მონახულების, როგორც ადგილობრივს, ისე ტურისტს.

მარტვილის კანიონი

რამდენად აქვს ბუნების ძეგლებს ტურისტული ფუნქცია და ნახულობენ თუ არა ვიზიტორები უნიკალურ ობიექტებს?

„ამ მხრივ ჩვენ რამდენიმე ბუნების ძეგლის ობიექტზე მცირედი ინფრასტრუქტურა მოვაწყვეთ, რათა დავაინტერესოთ არა მხოლოდ უცხოელი ტურისტები, არამედ ადგილობრივი მოსახლეობაც, რომ მოინახულონ ეს უნიკალური ქმნილებები. ეკოტურიზმის განვითარების კუთხით, ამ ადგილებში ჩადის ძალიან ბევრი ადამიანი და ინტერესი მართლაც დიდია, რადგან ინფორმაცია ვრცელდება როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და შესაბამისად, ვიზიტორების დეფიციტს არ განვიცდით,“ – ამბობს ნატო სულთანიშვილი.

პრომეთეს მღვიმე

დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსი ნატო სულთანიშვილი რადიო „ფორტუნასთან“ საუბრისას იმასაც ამბობს, რომ ადგილობრივებიდან დიდია მოთხოვნა კონკრეტული ობიექტის შესწავლისა და ბუნების ძეგლის სტატუსის მინიჭების. სამომავლოდ კი სააგენტო 100-მდე ობიექტის შესწავლას აპირებს.

ნუცა სალუქვაძე

mazda magti 5g