“ხელახალი არჩევნების დანიშვნას შესაძლოა მხარი დავუჭიროთ, თუ ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი რადიკალიზაციის დასრულებისთვის”,-ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, რომელმაც დღეს “ქართული ოცნება” დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა, “რუსთავი2”-ის ეთერში განაცხადა.
“მე პირადად და ჩემი გუნდი მივიჩნევთ, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, თუ იქნება ერთადერთი გამოსავალი, რომ ეს რადიკალიზაცია დამთავრდეს, ჩვენ განვიხილავთ აღნიშნულ საკითხს და განხილვის შედეგად შესაძლოა მხარიც დავუჭიროთ”,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
წამყვანის კითხვაზე, გაყალბდა თუ არა არჩევნები, მან განაცხადა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
“ეს ნიშნავს, რომ შეიძლება ყოფილიყო მცირედი დარღვევები, რომელიც ზეგავლენას ვერ მოახდენდა არჩევნების შედეგებზე”,-განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს პარტია „ქართული ოცნება“ და საპარლამენტო უმრავლესობა 6-მა დეპუტატმა დატოვა. გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, შალვა კერესელიძე და მიხეილ დაუშვილი გიორგი გახარიასთან ერთად ახალ პოლიტიკურ პარტიას ქმნიან.