ვენეციის კომისია მოსამართლეების შერჩევის შესახებ კანონპროექტზე დასკვნას, სავარაუდოდ, დღეს გამოაქვეყნებს. მმართველი გუნდის წევრები პოზიტიურ შეფასებას ელოდებიან. მათი თქმით, ეს პროექტი ძირითადად ევროსაბჭოს რეკომენდაციებს ეფუძნება და პროცესის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ სესიაზე კანონპროექტის მეორე მოსმენა მიმდინარე კვირაში, რეკომენდაციების გაცნობის შემდგომ გაიმართება.
კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე განაცხადის შეტანა შეეძლება ყველა კვალიფიციურ იურისტს, იმ შემთხვევაში კი, თუ კანდიდატი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იქნება, საკუთარ კანდიდატურას მხარს ვერ დაუჭერს. ამის შემდეგ საბჭო შერჩეული კანდიდატების სიას პარლამენტს გადაუგზავნის, დეპუტატები კი მათ ინდივიდუალურად გაესაუბრებიან.