ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადების შეფასებების პარალელურად ისევ აქტუალური რჩება დაწყებული გამოძიება სახელმწიფოს გადატრიალების ბრალდებით. პოლიტოლოგები ხელისუფლებას შეცდომების გადაფარვის მცდელობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ პარლამენტში შეჭრის მცდელობა გადატრიალება და ამბოხი არ იყო.
პირველი ფაზა მიზნად ისახავდა საქართველოს პარლამენტის იერიშით აღებას.
იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება - პროკურატურა 20-21 ივნისის მოვლენებზე
გია ნოდიამ „ფორტუნას“ „დღის თემაში“ განაცხადა, რომ დღევანდელ ხელისუფლებას სურს, ხალხმა ილაპარაკოს არა რეზინის ტყვიებზე, ამოთხრილ თვალებზე, არამედ იმაზე, რა საზიზღარია ოპოზიცია, რომ აპირებდა ამბოხს.
„პროკურატურა ვერ დადებს დამაჯერებელ საბუთს, რომ ეს იყო გადატრიალება. ზოგადად, გადატრიალება ასე თუ ისე გააზრებულ გეგმას გულისხმობს, რომ რაღაც ჯგუფი ამ გეგმით მუშაობდა. მეც გამიკრიტიკებია პარლამენტის ეზოში შეჭრის მცდელობა, ეს იყო უპასუხისმგებლო ქმედება, მაგრამ სრულიად აშკარაა, რომ ეს იყო სპონტანურად გადაწყვეტილი საქმე. თუ შეთქმულებასა და გეგმაზე ვისაუბრებთ, მაშინ ამის ნაწილი უნდა იყოს ირაკლი კობახიძე, ზაქრო ქუცნაშვილი, ვინც გამოიწვია ის პროტესტი. ადამიანები, ვინც პოლიციას თავს დაესხა ან კანონი დაარღვია, მათ პასუხისმგებლობაზე შეიძლება ისაუბრო, მაგრამ ამას ქუდად დაადო გრანდიოზული შეთქმულება, ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა“, – აცხადებს ნოდია.