„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი წერეთელი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერზე, ნიკა მელიაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ „ხელისუფლების მხრიდან ამგვარი აგრესია მხოლოდ სისუსტის გამოვლინებაა, რაც კი არ დააშინებს, არამედ უფრო გააბრაზებს საზოგადოებას“.
მისი თქმით, უაღრესად სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია არჩევნებზე მსგავსი გეგმით მოქმედებს და ცდილობს, საზოგადოების დაშინებას.
„როგორც მოსალოდნელი იყო საარჩევნო კამპანიის პირობებში, ხელისუფლება შეიტანდა ძალიან დიდ დაძაბულობას, ამაზე ღიადაც იყო საუბრები, მოწოდებები, ხელისუფლების პირველი პირებისგანაც და ჩვენ ვხედავთ, რომ სწორედ ასეთ ძალადობრივ კამპანიას აპირებენ, ამის ნათელი მაგალითი იყო, რაც მოხდა – თავდასხმა ოპოზიციურ ლიდერზე, ნიკა მელიაზე.
უაღრესად სამწუხაროა, რომ ასეთი გეგმით მოქმედებს მმართველი პარტია არჩევნებზე, ცდილობენ საზოგადოების დაშინებას, კონფრონტაციის გაღრმავებას და ამით ელექტორალურ განწყობებში ცვლილებების შეტანას, ვთვლით რომ ეს პირიქით იმოქმედებს, მეტ გაბრაზებას გამოიწვევს მოსახლეობაში რომლის უმრავლესობის მთავარი გზავნილი დღეს ოპოზიციის ერთიანობა და ხელისუფლების ანტიდასავლურ პოლიტიკასთან დაპირისპირებაა და დარწმუნებული ვართ ოქტომბრის არჩევნებზე განწყობა მივა სწორედ საარჩევნო უბნებამდე“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ცნობისათვის, ნიკა მელიას სამტრედიაში თავს დაესხნენ. „ახალის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა 11 აგვისტოს მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს, მედიასთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივარდა, სახის არეში დაარტყა და შეაგინა, მომხდარს ხმაური მოჰყვა.