პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ხელისუფლების მხრიდან თავდასხმა აშშ-ის რომელიმე წარმომადგენელზე არ ყოფილა და ეს მომავალშიც გამორიცხულია“. თალაკვაძის თქმით, „თუ რომელიმე მხრიდან თავდასხმა და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან“.
მისი განმარტებით, ამერიკა საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც ათწლეულების განმავლობაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა აქვს.
„ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აშშ-ის ხელისუფლებაზე, რომელიმე მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ოფიციალური წარმომადგენლის მხრიდან არასდროს ყოფილა არანაირი თავდასხმა და ასეთი მომავალშიც გამორიცხულია. აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან ფასეულია. თუ თავდასხმა და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, ამას არაერთი შეფასება მოჰყვა. ყველას გვახსოვს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, თუ რა შეფასებებს აკეთებდნენ დასავლეთის ელჩების მიმართ ამ წლების განმავლობაში, წარსულშიც და საერთოდ, ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ, მმართველ პარტიას გადააბრალონ“, – განაცხადა თალაკვაძემ.