LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელოსანი – 4 ათასი ლარი, იურისტი – 1000 ლარი – ანაზღაურება ქართულ ბაზარზე

„მთელი ბავშვობა მომწონდა ყველაფერი, რაც ქალის მოვლასა და სილამაზეს ეხებოდა. ეს კი ჩემს მშობლებს არ მოსწონდათ. გოგო ვიყავი და დიპლომი როგორ არ უნდა მქონოდა, აბა ისე სახლში ვინ შემიშვებდა?!“ – 24 წლის ნუკი იოსებიძე „ფორტუნასთან“ საუბრისას ამბობს, რომ ქართველებს განათლებაზე, წარმატებულ კარიერასა და დიპლომზე მცდარი შეხედულება აქვთ.

მისი თქმით, ადამიანების დიდ ნაწილს, მათ შორის მის ოჯახის წევრებსაც, ჰგონიათ, რომ წარმატებისკენ გზა იმ სპეციალობებზე ჩაბარებაზე გადის, რომლის დასრულების შემდეგაც უმაღლესი სასწავლებელი დიპლომს გაძლევს. 

„ჩამაბარებინეს ძალით იურიდულზე. ვიცოდი, რომ ჩემგან იურისტი არასდროს გამოვიდოდა. რადგან მაშინ საკუთარი შემოსავალი არ მქონდა და არც იმის ფინანსები, რომ სტილისტის კერძო კურსი გამევლო, დავთანხმდი მათ მოთხოვნას. დავკარგე 4 წელი. სწავლით არც არასდროს გამოვირჩეოდი, პარალელურად დავიწყე სალონში მუშაობა. გამიჩნდა შემოსავალი. შემდეგ შევისწავლე ეს პროფესია და ახლა ვაკეთებ იმას, რაც მომწონს. ჩემი მშობლები ბედნიერები არიან – მე მაქვს იურისტის დიპლომი. მაგრამ  ვიცი, რომ მას არასდროს გამოვიყენებ,“  – ამბობს ნუკი იოსებიძე.

ნუკის მშობლების მსგავსად ჩვენს გარშემო ბევრი ადამიანი ფიქრობს. მათთვის რამდენიმეთვიანი პროგრამებისა და კურსების დამადასტურებელი სერტიფიკატი ხშირად ფარატინა ქაღალდია, დიპლომი აუცილებელია, არგუმენტი კი არის – „რა იცი, რაში დაგჭირდეთ“.

განსხვავებულად ფიქრობს თათია არაბული. ის იურიდიულზე მაგისტრატურის განყოფილებაზე სწავლობს. ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ მუშაობა მალევე საჯარო სამსახურში დაიწყო, სადაც დაწინაურებისთვის მაგისტრატურის დამადასტურებელი დიპლომიც სჭირდება. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სწავლის გაგრძელებას დოქტურანტურაშის გეგმავს. საჯარო სამსახურში მუშაობა მას სხვა დამატებით საქმიანობას, გარდა აკადემიური მოღვაწეობისა, უკრძალავს. შესაბამისად, ფიქრობს, რომ დამატებითი შემოსავლისთვის მომავალში ლექტორობაც სურს. 

„ფორტუნა“ დაინტერესდა, ვინ უფრო მეტ ხელფასს იღებს – ადამიანები, რომლებიც უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებს ირჩევებ, იღებენ სხვადასხვა საფეხურის დამადასტურებელ დიპლმობს თუ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ პროფესიას ეუფლებიან, აქვთ მხოლოდ საშუალო განათლება  და აკეთებენ მათთვის სასურველ საქმეს.

 

პოპულალური პროფესიებით დასაქმებულთა ხელფასები ასე გამოიყურება:

 

  • კერძო კომპანიის იურისტი ყოველთვიურად – 1000 ლარამდე იღებს.
  • ეკონომისტის ხელფასი, რომელიც ერთ-ერთ წარმატებულ კომპანიაში მუშაობს – 1250 ლარია.
  • საშუალოდ ჟურნალისტის ხელფასი 400-იდან – 1000 ლარამდე მერყეობს, არსებობს გამონაკლისები, როცა მათი ხელფასი 1000 ლარსაც აჭარბებს.
  • საჯარო სამსახურში ხელფასი კი დაბალი და საშუალო რგოლის საქმეზე – 350-იდან 1000 ლარამდე მერყეობს.

რაც შეეხება პროფესიებს, რომელთაც უმაღლესი განათლება არ სჭირდებათ და მისი დაუფლება რამდენიმეთვიანი პროგრამისა თუ კურსის გავლითაც შეიძლება:

  • კერძო კომპანიებში კონდიტერების ხელფასი – 750-ლარიდან -900 ლარამდე მერყეობს.
  • მკერავი, რომელიც ფაბრიკაში მუშაობს, თვეში 500 ლარს იღებს. კერძო შეკვეთებზე მომუშავე მკერავის ანაზღაურება კი 500-იდან -800 ლარამდეა.
  • მშენებლებისა და მშენებლობაზე დასაქმებულთა ხელფასები კი კვალფიციკაციისა და შესრულებული სამუშაოს მიხედვით 500-იდან 2000 ლარამდე მერყეობს.
  • დაბალშემოსავლიანი კომპანიების ბუღალტრები ყოველთვიურად 700 ლარამდე ხელფასს იღებენ, მსხვილ კომპანიებში კი მათი ხელფასი 1500 ლარსაც აღწევს.
  • IT-სპეციალისტის ხელფასები კვალიფიკაციისა და დამქირავებლის გათვალისწინებით 2000 ლარსაც სცდება. შესაძლოა, ასევე მათი ხელფასი 10 000-მდეც იყოს. 
  • სახლის შიდა სარემონტო სამუშაოების შემსრულებელ სხვადასხვა დარგის სპეციალისტის ხელფასმა აქტიურ სეზონზე, შესაძლოა, 4000 ლარსაც მიაღწიოს.
  • ფართისა და შესრულებული სამუშაოს გათვალისწინებით 500-იდან 1500 ლარამდე მერყეობს ელექტრიკოსის ანაზღაურება.
  • ექთნები მორიგეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ხელფასს 500 ლარამდე იღებენ.

წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპი, რომელიც დიპლომს, როგორც განათლების დამადასტურებელ ერთადერთ დოკუმენტად აღიქვამს, ნელ-ნელა ირღვევა, პროფესიული განათლება ქვეყანაში ნელ-ნელა პოპულალური ხდება, თუმცა სხვადასხვა პროფესიებზე ჩაბარების მსურველთა რიცხვი ჯერ ისევ დაბალია. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ უმაღლესი განათლება ცუდია ან  გამოუყენებადი, მთავარი პრობლემა ის არის, უმაღლესი განათლების მიღება როგორ ხდება, რა რესურსი იხარჯება ამისთვის, რა მიზანი აქვს განათლების მიმღებს  მაშინ, როდესაც პროფესიული განათლება,  ნაკლები ხარჯით უფრო კარგ შედეგს იძლევა.

 

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g