10 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელს ნინო ანანიაშვილს ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა.
საბალეტო გალა-კონცერტი პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილის მონაწილეობით გაიმართა და მისი სასცენო მოღვაწეობის 35 წლისთავს მიეძღვნა. კონცერტში ალექსანდრ ვოლჩკოვი მოსკოვის თეატრიდან და საბალეტო დასის სოლისტები და მოცეკვავეები მონაწილეობდნენ. პროგრამაში იყო პ. ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავის“ მესამე მოქმედება, გრან-პა (Grand Pas) ლუდვიგ მინკუსის ბალეტიდან „დონ კიხოტი“ და ჯორჯ ბალანჩინის ერთმოქმედებიანი ბალეტი „სერენადა“. გალა-კონცერტში მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტები და კორდებალეტი.