დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ ვირუსის პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოყენებული ხელთათმანები ვერ იქნება ეფექტური, თუ ის სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით არ დამუშავდება. ამის შესახებ პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. იმნაძის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვირუსი თუ ხელთათმანზე მოხვდა, ის ისეთივე გზებით იწვევს დაინფიცირებას, როგორც შიშველი ხელი, ამიტომ ის მოუწოდებს იმ ადამიანებს, ვინც აღნიშნულ საშუალებას იყენებს, ხშირად დაიბანონ ხელები.
“ხელთათმანი ნუ გიქმნით ყალბი დაცულობის გრძნობას. ვხედავ ხშირად მაღაზიის გამყიდველებს უკეთიათ და კარგია ეს, იცავენ ადამიანები თავს. თუმცა, ხელთათმანს ისევე უნდა დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით, როგორც ხელს. რა მნიშვნელობა აქვს ხელს მოვკიდებ თუ ხელთათმანით შევეხები სახეს. ხელები იმიტომაა სახიფათო, რომ ვეხებით სხვადასხვა ზედაპირს და შემდეგ ამ ხელს, რომელიც შეიძლება იყოს ვირუსიანი, ვიკიდებთ პირთან, ცხვირთან ან თვალთან. სწორედ ასე ვინფიცირდებით. ამიტომ, აუცილებელია, ხელთათმანების დეზინფექცია, ისევე როგორც ხელის დაბანა” – განაცხადა პაატა იმნაძემ.