ხელვაჩაურში, დარბაზ “კახაბერში” საკვების ინტოქსიკაციის შედეგად 20-მდე პირი საავადმყოფოში მოხვდა, მათ შორის არასრულწლოვნებიც არიან. როგორც აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, კლინიკაში მოზარდები ამ დრომდე რჩებიან და მკურნალობას გადიან.
მისივე ინფორმაციით, ინტოქსიკაცია სავარაუდოდ, კრემიანმა ტკბილეულმა გამოიწვია.
“მოქალაქეებს ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ. ეს იყო გულისრევა, თავბრუსხვევა და დიარეა. ინტოქსიკაცია ძირითადად, ბავშვებსა და ქალბატონებს ჰქონდათ. სტაციონარში ჯამში 20 ადამიანი იყო მოთავსებული. ამ დრომდე ბავშვთა კლინიკაში მოზარდები რჩებიან. ადგილზე სურსათის ეროვნულ სააგენტოს უნდა ჩაეტარებინა საკვები პროდუქტების ანალიზი, თუმცა საკვები უკვე ფიზიკური პირის ოჯახშია გადატანილი და აღნიშნულ დარბაზში სხვა ქორწილი იმართებოდა. ინტოქსიკაცია მოქალაქეებმა ქორწილის მეორე დღის საკვების შედეგად მიიღეს. ჩვენი ვარაუდით, მათ კრემიანი ნამცხვარი ჭამეს,”- განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე შეტყობინება უწყებაში არ შესულა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა.