დილიდან მარნეულის არაერთ საარჩევნო უბანზე დაძაბული ვითარებაა.მარნეულის მე-4 საარჩევნო უბანზე დაპირისპირება დილიდან დაიწყო. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ზოგიერთი თანამშრომელი დაპირისპირების ფაქტს უარყოფს, თუმცა დაპირისპირების ფაქტი არაერთი მედიასაშუალების კადრებში მოხდა.
სამოქალაქო აქტივისტი და 2020-ის დამკვირვებელი გიორგი მუმლაძე აცხადებს, რომ ზურაბ ჭონიაშვილმა მასზე ზეწოლა განახორციელა.
„ეს ადამიანი საკრებულოს წევრია, რომელიც მემუქრებოდა – გადი აქედან თორე რას გიზამ ნახავო… ეს არის ძველი დაპირისპირების გაგრძელება, ყველაფერი პოლიციის უფროსის თანდასწრებით მოხდა. თუმცა რეაგირება მათი მხრიდან არ მოყოლია, მეუბნებოდნენ, რომ პოლიციაში დამერეკა. ზურაბ ჭონიაშვილი ასევე მავალდებულებდა, რომ ადგილიდან მედიასაშუალებები გამეყარა. რისი უფლებაც არ მაქვს. „
გიორგი მუმლაძეს თქმით, საარჩევნო კომისიის მხრიდან იყო ხელის შეშლა და ზეწოლა დამკვირვებლებზე, რათა სრულფასოვნად არ შეეფასებინათ მიმდინარე მოვლენები.
ასევე, ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი მარნეულის 52 უბანში ჰქონდა. დაპირისპირებებთან და დაძაბულ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგი გამართა.
„რეგიონებში, დარღვევების პრევენციის მიზნით, შექმნილია პრევენციული ჯგუფები, იმ შემთხვევაში თუ კი რაიმე ინციდენტს ექნება ადგილი, დროული და ოპერატიული იყოს მათი რეაგირება. ამ დრომდე ფიქსირდება მცირე ინციდენტები, თუმცა სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ქონია” -აცხადებენ შსს-ში.
