LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხოლო ინგას სიკვდილი აღარ უნდოდა, რადგან უკვე მკვდარი იყო, მკვდარი იყო და ხალხს უმალავდა“ – ინგა ბენდელიანი-თოფურიას ამბავი ომზე, სისხლზე, ფსკერზე, სიყვარულზე, მოთმენაზე, ბრძოლაზე და გამარჯვებაზეა: ილია თოფურიას დედაზე გიორგი კეკელიძე წიგნს წერს

241
ილია თოფურია

UFC-ის ჩემპიონის ილია თოფურიას დედაზე გიორგი კეკელიძე წიგნს წერს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი კეკელიძე წერს.

როგორც გიორგი აღნიშნავს, ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ამბავი ომზე, სისხლზე, ფსკერზე, სიყვარულზე, მოთმენაზე, ბრძოლაზე და გამარჯვებაზეა.

ამასთან, კეკელიძე წიგნიდან ამონარიდს გვიზიარებს:

„ხოლო ინგას სიკვდილი აღარ უნდოდა. სიკვდილი აღარ უნდოდა, რადგან უკვე მკვდარი იყო. მკვდარი იყო და ხალხს უმალავდა. დედას უმალავდა. შვილს. მომსვლელებს. იწვა და  ჭერს უყურებდა. ჭერი თეთრი იყო. მაგრამ ჭერზე უფრო  თეთრი ჩანდა წინდები, რომელიც ჭერზე ეხატა. ოღონდ ეხატა ღამითაც, როცა ჭერი უკვე აღარ იყო თეთრი. „ჩემი წინდები!“ – ამბობდა ინგა და სხვებს უთითებდა. სხვები ვერ ხედავდნენ წინდებს. ან როგორ დაინახავდნენ. ყველას ხომ საკუთარი წინდები აქვს ჭერზე და მხოლოდ თვითონ ხედავს.

ერთხელ, ღამით, ნახევრად თვალღია ინგას ესიზმრა ქმარი, რომელსაც ჯარისკაცის ფორმა ეცვა და ხელში თეთრი წინდები ეჭირა. „აი, მოვედი“ – უთხრა ქმარმა. „ხომ გითხარი – ყველაფერი მალე დამთავრდება.“  „რა?“ – იკითხა ინგამ – „რა დამთავრდება?“ „ყველაფერი“ – გაიღიმა გიორგიმ – „წინდები აღარ მჭირდება. თბილა უკვე“. „სად თბილა?“ – ჩუმად თქვა ინგამ – „იქ?“ „აქ“ – უპასუხა ქმარმა – „მე აქ ვარ.“ „კი, ყველაფერი დამთავრდება“ – ამოთქვა ინგამ – „ყველაფერი. და მეც დავმთავრდები.“ „არა“ – უპასუხა გიორგიმ – „მე მინდა, ჩემი მეორე შვილი გავიცნო. ძალიან მინდა.“

და ინგას გაახსენდა, რომ ის ფეხმძიმედ იყო, მერე ინგამ გიორგის სურათს შეხედა და მტკიცედ უთხრა: „მე გაგაცნობ მეორე შვილს. აუცილებლად გაგაცნობ.“

წინდები ჭერიდან გაქრნენ.

ექიმმა თქვა, რომ ინგა ვერ გადარჩებოდა, თუ ქუთაისში ან თბილისში არ წაიყვანდნენ. ვერც ინგა და, ცხადია, ვერც ნაყოფი. ეს ექიმმა მანამდეც თქვა, მაგრამ მაშინ ინგას სიზმარი არ ენახა და სიზმრის მერე ინგას უკვე სხვა ფიქრი ჰქონდა და ინგამ ფრთხილად, ოღონდ მტკიცედ თქვა: გადავრჩები! აუცილებლად!

ომიდან გამოღწევა ადვილი საქმე არ არის. იქ ყველაფერი სამიზნეა. მიწაც. ცაც. წყალიც. თუ გადაწყვეტ, როგორც პაციენტი აწერს რთული ოპერაციის წინ სავარაუდო სიკვდილს ხელს – ეგ გადაწყვეტაა. ინგამ გადაწყვიტა. პირველი გაფრენა ერთ ვერტმფრენს უწევდა სამტრედიისკენ. ომის გაფრენა კი სულ ასეთია – სიცოცხლესა და სიკვდილს ერთად მიაცილებს. დიდი მფრინავი, ჯიმი მაისურაძე მართავდა ვერტმფრენს. „შავი პოლკოვნიკი“,  რომელმაც ერთხელ თქვა, რომ თუ ფრენა გინდა, შიში მიწაზე უნდა ჩამოიფერთხო და ცაში შიშისგან სუფთა ახვიდეო, იმ დღეს შიშისგან სრულიად გაძარცვულიყო. ეს იყო მისი ბოლოსწინა მისია. 

ჯიმი მომდევნო ფრენისას ჩამოაგდეს რუსებმა.

ვერტმფრენით ერთ მეომარს მოასვენებდნენ. ისიც მფრინავი იყო.

და მოფრინავდა ფეხმძიმე ქალი ღელვით და კაცი მოფრინავდა მშვიდად მწოლიარე ცინკის ცივ კუბოში. სიკვდილი და სიცოცხლე. ქარი ქროდა და ვერტმფრენი ირწეოდა. ინგას კუბოზე ეკიდა ხელი, თავს იმაგრებდა და ტიროდა. არავინ იცის, რისი იყო ეს ცრემლი – წამოსვლის ტკივილის თუ გადარჩენის მოლოდინის. შეიძლება ორივესი ერთად. კუბოზე ხელი ეკიდა და მისთვის უცხო ჯარისკაცს ჩურჩულით სთხოვდა: ქმრისთვის და ძმისთვის გადაეცა, რომ ძალიან ენატრებოდა.

მფრინავი მალე სხვა ცაზე გაფრინდებოდა. იქ, სადაც გიორგი და ემზარი იყვნენ. და აუცილებლად გადასცემდა ამ დანაბარებს.  აუცილებლად.

ვერტმფრენი სამტრედიაში დაჯდა. სტადიონზე. იქ, სადაც დაღუპულს ოჯახი ელოდა. მერე ისევ აფრინდა. ვერტმფრენი აფრინდა და ოდნავ დაიხარა, თითქოს ცალი თვალით გადმოხედა მიწაზე დარჩენილ მფრინავს და მერე მიხვდა, რომ მეომარი მიწაზე კი აღარ იყო, არამედ უფრო მაღლა, ვიდრე თვითონ შეეძლო აფრენა და მშვიდად გაემართა ქუთაისისკენ. ქუთაისში, კოპიტნარის აეროდრომზე უამრავი ადამიანი შეკრებილიყო. მაშინ ტელეფონი ჭირდა და ეს ხალხი იკრიბებოდა ყოველი ვერტმფრენის დაფრენისას, ეგებ ვინმე მათი ახლობელი ჩამოფრენილიყო. ან ამბავი ჩამოეტანა. კარგი ამბავი. მაგრამ ამბავი იშვიათად იყო კარგი. რადგან ომის ვერტმფრენს არ სჩვევია კარგი ამბების მოყოლა. ამიტომაც ინგამ ჭირისუფლის კივილის დერეფანში გაიარა. შეცხადება ერთიც რთული მოსასმენია და რამდენიმე, სხვადასხვა მოკლულის დედის, ყველაზე ცხადად აღწერილ ჯოჯოხეთსაც შორს აჭარბებს. მაგრამ ჯოჯოხეთი უცხო აღარ იყო – თითქოს ნაცნობ და ახლობელ ხმებს ესალმებოდა. სიკვდილის ხმებს.“- წერს გიორგი კეკელიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g