ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია ხვალ მუშაობას განაახლებს. სხდომაზე დაგეგმილია გამომძიებელ ირაკლი ფიფიას, დეტექტივების სამმართველოს უფროსის იოსებ სიგუას, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის შალვა ბედოიძის და ასევე, ზვიად კუპრავას მოსმენა.
როგორც ის ამბობს, პოლიციას გააცნობს ყველა იმ დეტალს, რაც სიცოცხლის რისკის ფასად მოიპოვა.
“მეგობრებო, როგორც იცით ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი საპარლამენტო კომისია ხვალ მე მომისმენს. კომისიის წევრებს ძალიან დეტალურად გავაცნობ ყველა იმ ინფორმაციას, რაც მე პირადად ჩემი სიცოცხლის რისკის ფასად მოვიპოვე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
ვფიქრობ ძალიან სკანდალური იქნება ჩემი ჩვენება და არ გამოვრიცხავ ხვალ გახმაურდეს საქმის ისეთი დეტალებიც, რაც აქამდე ჯერ საჯაროდ არსად მითქვამს…” – წერს კუპრავა სოციალურ ქსელში..
გარდა ამისა, საგამოძიებო კომისია სავარაუდოდ ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ერთი რეკომენდაცია ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან გ.მ-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყებას, ხოლო მეორე – ერთ-ერთი პირის, მიხეილ კალანდიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ეხება.
2017 წლის 1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, სკოლის ორი მოსწავლე დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაიღუპა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, პარლამენტმა საქმის საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლის გადაწყვეტილება მიიღო.
