LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩის ინციდენტში ყოფილი მე-6 სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ – ზვიად კუპრავა

52

ზვიად კუპრავას ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში 21-ე (ყოფილი მე-6) სკოლის ბავშვებიც მონაწილეობდნენ. ამის შესახებ კუპრავამ მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„ერთ დღეს ზაზა სარალიძემ მთხოვა, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე ბავშვები მასთან აპირებდნენ მისვლას და ამ შეხვედრას დავსწრებოდი. მოვიდა 2 არასრულწლოვანი. საუბარი იყო ვრცელი და ეს საუბარი მნიშვნელოვან დეტალებს მოიცავდა. შინაარსი ამ საუბრის იცით, მაგრამ აღნიშნულ შეხვედრაზე ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ინციდენტში მონაწილეობდნენ კიდევ ერთი სკოლის ბავშვები და ეს სკოლა იყო ყოფილი მეექვსე, ახლანდელი – 21-ე. მე არ ვამბობ, რომ დანაშაული ჩაიდინა ვინმემ, უბრალოდ მე ყურადღებას ვამახვილებ იმაზე, რომ არ მომხდარა ამ ადამიანების დაკითხვა.

თავად ამ ბავშვებს 21-ე სკოლის ბავშვების გვარები არ დაუსახელებიათ და თავად დავადგინე მათი სახელები და გვარები. ეს ინფორმაცია მივაწოდე სკოლის დირექტორს. დირექტორმა დაიბარა ეს ბავშვები და ჰკითხა შეესაბამებოდა თუ არა ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია სიმართლეს. მე როგორც ვიცი, ამ ბავშვებმა დირექტორს მოუყვნენ ამ ფაქტის შესახებ და უთხრეს, რომ ლობიანის საყიდლად მიდიოდნენ, რა დროსაც მათგან ერთ-ერთს, ი.ჯ.-ს დაურეკეს პირველი ექსპერიმენტული სკოლიდან და სთხოვეს, რომ 51-ე სკოლელებთან ჩხუბი იყო და დახმარებოდნენ. ი.ჯ და მეორე პირი, რომლის ინიციალებია ლ.ე. მივიდნენ იქ და იქ რა ქმედება განახორციელეს, ამის შესახებ მე ვერ ვისაუბრებ. ესენი არიან მოწმეები,“ – განაცხადა კუპრავამ.

კუპრავას თქმით, ბავშვებს ჰკითხა, დადიოდნენ თუ არა სკოლაში და აღმოჩნდა, რომ არ დადიოდნენ, თუმცა, მათთვის არც ბრალი იყო წაყენებული, არც სამართლებრივი პრეტენზია პროკურატურას არ ჰქონდა.

“არ გვიშვებსო დირექტორი. გვითხრეს, რომ თქვენი ადგილი აქ არ არის, არ დაგინახოთო,”- განაცხადა ზვიად კუპრავამ და აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით განცხადებაა გააკეთა ღია ეთერში და მოგვიანებით, ამ ბავშვებს სკოლაში სიარულის ნებართვა მისცეს.

magti 5g