ზვიად კუპრავას ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დეპუტატის შვილი მონაწილეობდა, თუმცა, გამოძიების მასალებში მისი გვარი არ ფიგურირებდა. ამის შესახებ ზვიად კუპრავამ საგამოძიებო კომისიასთან ისაუბრა. მისი თქმით, პირველი კითხვის ნიშნები სწორედ ამ ინფორმაციის შეტყობის შემდეგ გაჩნდა.
“ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ საქმეში გარდა მირზა სუბელიანისა, ასევე მონაწილეობდა “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დეპუტატის შვილი. არ ვდებ ბრალს არავის და არ ვამბობ დანაშაული ჩაიდინა – არ ჩაიდინა. მთავარი იყო ის, რომ მონაწილეობდა საქმეში და არ ფიგურირებდა როგორც მოწმე, რადგან ჩვენ მანამდე, მე და ზაზას გვქონდა დოკუმენტი, სადაც გამოძიებას ჰქონდა გარკვეული ჩამონათვალი სახელების და გვარების, რომლებზეც ამბობდნენ, რომ აი ეს ადამიანები მონაწილეობდნენ ჩხუბში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ ამბებში. იყო 10-მდე ადამიანის ჩამონათვალი და დანარჩენებზე ამობობდნენ, რომ ჯამში იყო 25 ადამიანი და აქედან 10-მდე იყო იდენტიფიცირებული, დანარჩენებზე ამბობდნენ – “და სხვები”.
ბავშვების გარკვეული ნაწილი დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იყო და მათ შორის, ვხედავდით, რომ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი დეპუტატის შვილი, რომელიც ნამდვილად ვიცოდით, რომ აღნიშნულ საქმეში მონაწილეობდა და მისი გვარი “და სხვებში” იყო მოთავსებული, ამან ჩვენში აღძრა ის ეჭვი, რომ”და სხვებში”მალავდნენ იმ ადამიანებს, ან შეიძლება განზრახვა ყოფილიყო დაემალათ ის ადამიანები, ვისზეც არ უნდოდა გამოძიებას გასვლა. პირველი კითხვის ნიშნები სწორედ ამან დაბადა, თქვენ კარგად გახსოვთ, რომ გამოძიების პირველ ეტაპზე ზაზას ჰქონდა ნდობა პროკურატურის მიმართ. ეს იყო გამოძიების დაწყებიდან თვენახევრის პერიოდში,” – აღნიშნა ზვიად კუპრავამ.
