ეს არის ქვეყანა, რომელსაც მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს და აბრალებენ, რომ რუსეთის აგენტია, მე ამას ვერ ვიგებ, -ამის შესახებ ხორვატიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ზორან მილანოვიჩმა მიხეილ ყაველაშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ხორვატიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიტინგებში მონაწილეობდნენ, რაც მიუღებელია.
„ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა დღეს და ხვალ. მე ჩამოვედი, როგორც მეგობარი ძვირფას მასპინძელთან. ჩამოვედი იმისთვის, რომ გამოვხატო სოლიდარობა. მე ამას ვუყურებ, როგორც სოლიდარობის ჟესტს, თუმცა ძალიან ხშირად სოლიდარობა გასულ წლებში ცინიკური იყო, მაგრამ მე ჩამოვედი აქ, რომ საქართველოს სოლიდარობა გამოვუცხადო მის ძალისხმევაში, ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა და სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ ამაში. საქართველო რთულ პოზიციაში იმყოფება გასული წლების თვალსაზრისთ და ჩვენ ეს მხედველობაში უნდა მივიღოთ, როდესაც ვაფასებთ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, მაგრამ სამწუხაროდ, საპირისპირო ხდება. თქვენი ქვეყანა შეუძლებელი დილემების წინაშე აღმოჩნდა, ძალიან ცინიკური გზით. როგორც ბატონი ყაველაშვილი ამბობს, ამას აკეთებს ბრიუსელის ევროპული ბიუროკრატია. ისინი ჩემი სახელით ვერ ილაპარაკებენ და არც მივცემ იმის უფლებას, რომ ხორვატიის სახელით ილაპარაკონ. ამიტომ, აქ პირადად ჩამოვედი. აბსოლუტურად გულახდილად რომ მოგახსენოთ, 2025 წელს არ ყოფილა ვიზიტი ევროკავშირიდან. ბოდიშს ვიხდი ამ გამონათქვამებშიც, მაგრამ ეს სიგიჟეა. მინდა ჩამოვიდე ქვეყანაში, რომელსაც პრორუსულობაში, პროპუტინისტურ პოზიციაში ადანაშაულებენ, მაგრამ მე სხვა გამოცდილება მაქვს. შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს არის ქვეყანა, რომელსაც მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს და აბრალებენ,რომ რუსეთის აგენტია, მე ამას ვერ ვიგებ. ამიტომ, გადავწყვიტე, პირად ჩამოვსულიყავი, რომ მენახა, თუ რა ხდება.
ვნახე მინისტრები ევროკავშირის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ჩამოვიდნენ აქ მიტინგებში მონაწილეობისთვის და ოპოზიციას შეუერთდნენ. ამის გადახვევა მინდოდა ტვინში, მე როგორ ვიგრძნობდი თავს, ეს პოლიტიკოსები რომ ჩამოსულიყვნენ ჩემს ქვეყანაში, ჩემს დედაქალაქში, ცენტრალურ მოედანზე, ვინც არ უნდა იყვნენ, მე არ მაინტერესებს პოლიტიკური მხარეები საქართველოში. არცერთ მხარეს არ უნდა დადგეს, მაგრამ იდეა, რომ პოლიტიკურად წნეხს ახორციელებ, მცირე, იზოლირებული ქვეყნის წინააღმდეგ, რომელსაც ევროკავშირთან სირთულე აქვს, ჩემთვის მიუღებელია“,- განაცხადა ზორან მილანოვიჩმა, რომლის თარგმანს „იმედი“ ავრცელებს.
