LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხოშტარია: „ოცნება“ იტყუება, როცა რუს ტურისტებზე გეუბნებათ, რომ გამოსავალი არ არსებობს და ყველა უნდა მივიღოთ

116
ელენე ხოშტარია

„გარდა ეკონომიკური საფრთხეებისა, არის უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები. უნდა გვახსოვდეს ის, რომ რუსები ტურისტებად აგენტებს იყენებენ“, – ამის შესახებ პარტია „დროას“  ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა და საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივ შემოსვლას გამოეხმაურა.

ხოშტარიას თქმით, როდესაც „ქართული ოცნება“ რუს ტურისტებზე ამბობს, რომ „გამოსავალი არ არსებობს და ყველა უნდა მივიღოთ“, ისინი იტყუებიან და ქვეყნის ეკონომიკაზე არ ზრუნავენ.

ელენე ხოშტარიამ დღეს გამოსავლის გზებზეც ისაუბრა და ხელისუფლებას ინიციატივით მიმართა:

„2022 წელს, 7 თვის განმავლობაში შემოვიდა 438 860 რუსი ტურისტი, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა. ასევე, დაახლოებით 7000-მდე ბიზნესი დარეგისტრირდა. ამ პრობლემაზე „ქართული ოცნება” სამწუხაროდ, თვალებს ხუჭავს. რუსები არიან დაბალ მხარჯველი ტურისტები. თუ აშშ-დან ჩამოსული ტურისტი ხარჯავს 3813 ლარს, რუსები 1282 ლარს ხარჯავენ დაახლოებით, 3-ჯერ ნაკლებს ხარჯავენ რუსი ტურისტები.

მეორე, ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულება არის უკიდურესად საშიში, იმიტომ, რომ ნებისმიერ წამს, პოლიტიკური მიზნებით რუსეთს შეუძლია ეს ნაკადი გააჩეროს ისევე, როგორც ეს სავაჭრო ემბარგოს დროს გააკეთა, როდესაც ყველა გზა გადაგვიკეტა, ეს საშიშია.

გარდა ეკონომიკური საფრთხეებისა, არის უსაფრთხოების სერიოზული პრობლემები. უნდა გვახსოვდეს ის, რომ რუსები ტურისტებად იყენებენ აგენტებს. როდესაც ქვეყანაში 10 წლის განმავლობაში არ გამოვლენილა არც ერთი რუსი აგენტი, არის დიდი საფრთხე, რომ რუსი აგენტების შემოდინება იქნება. მესამე, მედვედევის დოქტრინა, რომელიც ამბობს, რომ რუსეთს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აქვს უფლება დაიცვას საკუთარი მოქალაქეები, თუ ამას რუსეთი გადაწყვეტს, ყველანაირი სუვერენიტეტის პატივისცემის გარეშე.

ამიტომ, იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ, როგორც ეკონომიკური ზიანი, ასევე ომი რუსეთთან, ბევრი ქვეყანა უბრალოდ ზღუდავს რუსების შესვლას, ჩვენ ვთავაზობთ კონკრეტულ გამოსავალს.

პირველი, დავაკისროთ ფინანსური გადასახადი რუს ტურისტებს. ჩვენი გათვლებით, მხოლოდ 2 თვეში, საქართველო რუსი ტურისტებისგან აიღებდა 20 მილიონ ლარს. ეს თანხა შეგვიძლია დავხარჯოთ, როგორც ქართველ დევნილებზე, ასევე უკრაინის ომში.

მეორე, შევზღუდოთ რუსი ტურისტები დროში. დღეს, მათ შეუძლიათ საქართველოში უსაზღვროდ ყოფნა. მივცეთ 3-კვირიანი ყოფნის უფლება და ეს ამ საფრთხეს აგვარიდებს.

მესამე, ნუ მივცემთ ბინადრობის უფლებას. შევზღუდოთ რუსეთის მოქალაქეებზე ბინადრობის უფლება. ასევე ნუ მივცემთ ბიზნესის რეგისტრაციის საშუალებას და შევაჩეროთ კერძო საკუთრების მიყიდვის პროცედურები. ეს ჩვენ აგვაცილებდა ყველა იმ საფრთხეს, რაც მოჰყვება ამხელა ნაკადს.

ეს ხედვა არ გამომაქვს ხელისუფლებისთვის, იმიტომ, რომ მთავრობა ამას არ გააკეთებს. საზოგადოებამ მინდა იცოდეს, როდესაც „ქართული ოცნება“ გეუბნებათ, რომ „გამოსავალი არ არსებობს და ყველა უნდა მივიღოთ“, ისინი იტყუებიან, უბრალოდ არ ზრუნავენ არც ჩვენს ეკონომიკაზე, არც შემოსავალზე და არც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g