თბილისში ქართული სოფლის ეკოლოგიურად სუფთა ნაწარმის მაღაზია გაიხსნა, სახელწოდებით ”ხურჯინი”. როგორც ”ფორტუნას” მაღაზიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სანდრო ხაჯალიამ განუცხადა, ”ხურჯინში” წარმოდგენილი პროდუქცია საქართველოს ყველა კუთხიდან იყრის თავს და როგორც ორიგინალური შეფუთვით, ასევე წონით იყიდება.
”პროდუქციის შესაძენად ჩავდივართ საქართველოს რეგიონებში და ადგილობრივი გლეხებისგან ვყიდულობთ სოფლის ნაწარმს. ჩვენს მაღაზიაში წარმოდგენილია: საკმაზები, სანელებლები, ჩურჩხელები, თაფლი, ქართული ჩაის სხვადასხვა სახეობა, თხილეული, მურაბები, ზეთი, ნატურალური წვენები, მწნილი, შებოლილი ყველი და სხვა პროდუქცია. რაც შეეხება ფასებს, ისინი მორგებულია მომხმარებელზე და ხშირ შემთხვევაში, იმაზე ბევრად იაფი ღირს, ვიდრე ბაზრებზე არსებული პროდუქცია”, – აღნიშნა ”ხურჯინის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა.
როგორც სანდრო ხაჯალიამ განმარტა, მაღაზია ცოტა ხნის წინ გაიხსნა და მისი ძირითადი სამინზე აუდიტორია ქართველი მომხმარებელია, თუმცა დიდი პოპულარობით სარგებლობს უცხოელ ტურისტებს შორისაც.
”თვითონ მაღაზიის გარემო იმდენად ორიგინალურია და თბილისური მაღაზიებისგან განსხვავებული, რომ მომხმარებლის ყურადღებას იქცევს. მაღაზიაში ყველაფერი ხელნაკეთია – გვაქვს პატარა ორანჟერიაც. მოკლედ, ვეცადეთ, რომ მისთვის სოფლის ეფექტი მიგვეცა. შესაბამისად, უცხოელი ტურისტები არათუ პროდუქცის შესაძენად, ზოგჯერ ფოტოების გადასაღებადაც კი შემოდიან”, – აღნიშნა ხაჯალიამ. მისივე თქმით, ”ხურჯინი” ამ ეტაპზე თბილისში ერთადერთი მაღაზიითაა წარმოდგენილი, თუმცა სამომავლოდ გაფართოებასაც გეგმავს.