LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”აგროჰაბი” მომხმარებელს ცოცხალ ზღვის პროდუქტებს შესთავაზებს

471

თბილისში ”აგროჰაბის”  პირველი მარკეტი მიმდინარე წლის დეკემბერში  გაიხსნება.  მარკეტი მომხარებელს ნატურალურ, ახალ და  ჯანსაღ აგროპროდუქტს შესთავაზებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დირექტორმა გიორგი ჯაშიაშვილმა განუცხადა, „აგროჰაბში” სხვადასხვა სახის წარმოება იქნება – მათ შორის კომპანიას გააჩნია საკუთარი რძის გადამამუშავებელი ქარხანა, სადაც 100%-ით ნატურალური რძის პროდუქტები იწარმოება, როგორებიცაა: არაჟანი, მაწონი, ხაჭო, სხვადასხვა სახის ყველი (სულგუნი, იმერული და ა.შ.). კომპანიაში დამზადებული რძის პროდუქტი „აგროჰაბის” ბრენდით გაიყიდება.

ამასთან, მარკეტში წარმოდგენილი იქნება საკონდიტრო საცხობი, პურ-ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სამზარეულო, სალათებისა და ე.წ Sea food-ის მრავალფეროვანი ასორტიმენტი.

როგორც ”აგროჰაბის” დირექტორმა განმარტა, საქართველოში Sea food-ის კულტურა არ არსებობს, შესაბამისად, კომპანიის მიზანია, წინა პლანზე წამოწიოს ეს მიმართულება.  ”აგროჰაბის” პირველი მარკეტი მომხმარებელს შესთავაზებს, ფრეშ და ცოცხალ ზღვის პროდუქტებს –  რვაფეხები, ლობსტერები, ხამანცკები და ა.შ. ამასთან,  მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ზღვის პროდუქტების მსგავსად შეიძინოს სხვადასხვა ასორტიმენტის თევზი.  ზღვის პროდუქციის იმპორტი ევროპის ქვეყნებიდან, ასევე კანადიდან განხორციელდება.

”ჩვენს კომპანიას გააჩნია საკუთარი ფრინველის, საქონლისა და ღორის ფერმაც. ფერმებში არსებული ფრინველი და საქონელი იკვებება ნატურალური საკვებით, ყოველგვარი დანამატების გარეშე. სწორედ, ზემოთხსენებული ფერმებიდან მოხდება ყოველდღიურად ახალი, ჯანსაღი ხორცით მომარაგება აგროჰაბის მარკეტში. გვაქვს მარანიც, სადაც ჩვენთან მოსული კლიენტი შეძლებს შეიძინოს 11 დასახელების ცოცხალი ღვინო, მათ შორის ღვინის ისეთი იშვიათი სახეობები, როგორებიც არის საფერავი, ოჯალეში. რაც მთავარია, ეს ღვინოები იქნება აბსოლუტურად ნატურალური, ყოველგავრი ქიმიური მინარევების გარეშე”, – განმარტა გიორგი ჯაშიაშვილმა და დასძინა, რომ „აგროჰაბში” სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტებიც გაიყიდება – ნატურალური ლორი, თაფლი და სხვა .

როგორც კომპანიის დირექტორმა აღნიშნა,  „აგროჰაბში” ამ დროისთვის ISO -ს  სტანდარტების დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. პროდუქციის ხარისხის შესამოწმებლად „აგროჰაბში” იქნება სამი სახის ლაბორატორია: ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ვეტერინარული, რომელიც სრულად აღჭურვილი იქნება ევროპული დანადგარებით.

ცნობისთვის, ”აგროჰაბის” პირველი მარკეტი მარშალ გელოვანის გამზირზე განთავსდა. პროექტში 15 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.  მარკეტში საწყის ეტაპზე  სულ მცირე 270 ადამიანი დასაქმდება. კომპანიის დირექტორის თქმით, 2017 წელს ”აგროჰაბი” გაფართოებასა და კიდევ რამდენიმე ახალი მარკეტის გახსნას გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები