პარლამენტის ხუთი დეპუტატი გენერალურ პროკურორს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს.
თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია ირაკლი შოთაძეს „სასამართლო სისტემის მართვაში დანაშაულებრივი მეთოდების გამოყენების თაობაზე“, ყოფილი მოსამართლის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საფუძველზე მიმართავენ.
დეპუტატები გენერალურ პროკურორს მოუწოდებენ, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საჯაროდ განაცხადონ გამოძიების დაწყების თაობაზე და საზოგადოებას პერიოდულად მისი პროგრესის შესახებ აცნობონ:
„დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია “სასამართლოს გუშაგის” გვერდზე გავრცელდა ინტერვიუ ყოფილ მოსამართლესთან, რომელიც დღეს ემიგრაციაში იმყოფება, გამომდინარე იმ კლანური სისტემიდან, რაც სასამართლოში გვაქვს, პარლამენტის ხუთმა დეპუტატმა მივმართეთ გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით, რამდენადაც ინტერვიუში ყოფილი მოსამართლის მონათხრობი შეიცავს ინფორმაციას სასამართლო სისტემის მართვაში დანაშაულებრივი მეთოდების გამოყენების შესახებ.
კანონმდებლობის თანახმად, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია დანაშაულის ნიშნების შემცველი ფაქტების შესახებ გამოძიების დაწყების საფუძველია და ჩვენ მოვუწოდებთ ბატონ შოთაძეს, რომ ინტერვიუში დასახელებული ფაქტების შესწავლა მოახდინოს და საქმეზე სიმართლის დადგენის მიზნით უზრუნველყოს საკითხის სწრაფი, ეფექტიანი და ყოველმხრივი გამოძიება“, – თქვა თეონა აქუბარდიამ.
შეგახსენებთ, ყოფილი მოსამართლე ანა ღელეყვა ინტერვიუში აღნიშნავს, რომ დანიშვნების დროს მთავარი კრიტერიუმი “მათდამი ერთგულება იყო” და ეს მას პირდაპირ უთხრა ლევან მურუსიძემ, რომელიც მაშინ იუსტიციის საბჭოს მდივანი იყო.
„როცა არ დამნიშნეს, საბჭოს მდივანთან ვითხოვე შეხვედრა. იმ დროს მურუსიძე გახლდათ და ვკითხე, რატომ? ამდენი წლის თავდაუზოგავი შრომა რატომ არ უნდა გაითვალისწინო? ძალიან პირდაპირ და გულწრფელად მიპასუხა: იმიტომ, რომ შენ გვერდით არ დაგვიდექი კონფერენციაზე საბჭოს წევრად ჩვენი კანდიდატის არჩევის დროსო. აბა, რაღა არჩევნებია, თუ ჩემი ნების შესაბამისად არ ვიმოქმედე-მეთქი? სხვებს, ვინც გვერდით დაგვიდგნენ, რა პასუხი გავცეთო – მომიგო. მომავალში რა მოტივაცია ექნებათ (სხვა მოსამართლეებს) მხარდასაჭერადო? საერთოდ არ დაუმალავს ეს ამბავი“, – განაცხადა ყოფილმა მოსამართლემ.