19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, არასრულწლოვანთა ეპიზოდზე განაჩენი ხვალ, 13 ნოემბერს გამოცხადდება.
საქმის არსებითი განხილვა გუშინ დასრულდა და მოსამართლე სათათბიროდ გავიდა. სხდომაზე დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაასრულა.
მხარეებმა ასევე ისარგებლეს რეპლიკით, ხოლო კანონთან კონფლიქტში მყოფმა პირებმა საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს.
დაცვის მხარის განმარტებით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან, რასაც ბრალდების მხარე ეწინააღმდეგება.
„ჩვენ არ ვახდენთ ფაქტების ინტერპრეტირებას. ჩვენ მოვახდინეთ კონკრეტული მოწმის ჩვენებების ციტირება და მივუთითეთ კონკრეტული დრო, სადაც ბრალდების მხარის მოწმეები უთითებენ ფაქტობრივ გარემოებაზე, რაც გამორიცხავს წარდგენილ ბრალს. შესაბამისად, განსხვავდება ინტერპრეტაცია და ციტირება მათ მიერ სასამართლოში დაფიქსირებული ფრაზებისგან. ბრალდების მხარეს აღნიშნული დასკვნითი სიტყვა გადაცემული აქვს და შეუძლიათ, დეტალურად გაეცნონ იქ მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდების მხარეს დავუსვი კითხვა, ერთი მტკიცებულება დაასახელონ ბრალდებულ ნიკოლოზ ცუცქირიძესთან მიმართებით, რომელიც დაადასტურებს მის მონაწილეობას ფიზიკურ დაპირისპირებაში ხიდის ეპიზოდზე. ამაზე პასუხი რეპლიკის დროს ბრალდების მხარისგან ვერ მივიღე. როცა ბრალდების მხარე ამბობს, რომ მას აქვს გამართული, მტკიცებულებებით გამყარებული სისხლის სამართლის საქმე, რატომ ვერ მოაქვს იმის დამადასტურებელი ვერც ერთი მტკიცებულება, რომ ნიკოლოზ ცუცქირიძე ხიდის ეპიზოდში ჩართული იყო დაპირისპირებაში და ის ფიზიკურად გაუსწორდა კონკრეტულ პირს. როცა ასეთ კითხვაზე ბრალდების მხარე პასუხს ვერ სცემს, არც სასამართლოს არ აქვს რაიმე სახის მტკიცებულება, რომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს. ბრალდების მხარეს შეიძლება, რაღაცის მოლოდინი ჰქონდეს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებიდან გამომდინარე, ვერ მექნება მოლოდინი, რომ სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს“, – აცხადებს ადვოკატი არჩილ ბერიანიძე.
პროკურორი ნანა გუგუტიშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარემ მოწმეთა ჩვენებები ობიექტურად არ შეაფასა.
„ჩვენ წარმოვადგინეთ ჩვენი რეპლიკა. კიდევ ერთხელ გავამახვილეთ ყურადღება, რომელიც თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით არის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისი. ჩვენი მოლოდინი არის გამამტყუნებელი განაჩენი თითოეულ ბრალდებაში ყველა პირთან მიმართებით, ვინაიდან მასალების გონივრული შეფასების საფუძველზე წარმოუდგენელია, სხვა მოლოდინი იყოს, გარდა გამამტყუნებელი განაჩენისა“, – განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ დაიწყო. გენპროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო.
10 ივლისს პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნით ასევე გაირკვა, რომ მას გარდაცვალებამდე მკვრივი-ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები აქვს.
