LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალინდელ სესიაზე უნდა იყოს ყველა, ვინც პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოაწერა, ველოდებით ოპონენტებს პარლამენტში: მაჭარაშვილი

58
Untitled design (2)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, ხვალ საკანონმდებლო ორგანოში ელოდებიან.

როგორც მაჭარაშვილი ამბობს, საპარლამენტო ცხოვრებაში ახალი, აბსოლუტურად განსხვავებული პოზიტიური მოცემულობა იქნება, რადგან ორგანო მრავალპარტიული იქნება:

“ვინც პოლიტიკურ შეთანხმებას ხელი მოაწერა, ხვალინდელ სესიაზე უნდა იყოს. ჩვენ ველოდებით ჩვენს ოპონენტებს, კოლეგებს საქართველოს პარლამენტში. ვფიქრობ, რომ ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყება, გამომდინარე იქიდან, რომ ერთის მხრივ ჩვენ სამართლებრივად მივიღებთ ყველა ტიპის გადაწყვეტილებას, რაც კი საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციურად შეუძლია მიიღოს, იმიტომ, რომ გვექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა და მეორე მხრივ, ასეთი ტიპის მრავალპარტიული პარლამენტი 90-იანი წლების შემდგომ არ ყოფილა. იქნება აბსოლუტურად განსხვავებული პოზიტიური მოცემულობა მრავალპარტიული პარლამენტის სახით.” – განაცხადა მან.

მაჭარაშვილმა ამნისტიის კანონზეც გაამახვილა ყურადღება და იმედი გამოთქვა, რომ ამნისტიის კანონპროექტის დაინიცირება ერთობლივად მოხდება:

“ვფიქრობ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ეს ასეც მოხდება. კანონპროექტი, რა თქმა უნდა, არ შეეწინააღმდეგება კონვენციას და კონვენციური პრინციპი აუცილებლად იქნება გათვალისწინებული და ის პრინციპიც, რაც შეთანხმებაში წერია.” – თქვა მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ახალ დოკუმენტში საუბარია პოლიტპატიმრებზე. საუბარია იმაზე, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 1 კვირის განმავლობაში ორ შემთხვევაში – ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საქმეებზე, იქნება ამნისტია ან სხვა ნაბიჯი, რომელსაც ანალოგიური შედეგი ექნება. საუბარია ამნისტიის კანონზეც, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის აქციებს ეხება.

როგორც მოგვიანებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, 20 ივნისზე ამნისტია სამართალდამცავებსაც შეეხება.

ამნისტიის კანონი შეეხებათ 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელებსაც: ირაკლი ქადაგიშვილი

პოპულალურები