3000- გვერდიანი სამედიცინო დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს. დასკვნა შეიძლება იყოს ერთ გვერდიანი, ნახევარ გვერდიანი და ყველაფერი გასაგები იყოს, თუ 3000- გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი. არ გინდა, რომ გავიგო, – ასე შეაფასა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ცენტრ „ემპათიას“ მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებული დასკვნა.
როგორც იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სპეკულაცია მისი დაკავების დღიდან მიმდინარეობს და ახლა სააკაშვილი რეალურად ცუდად რომ იყოს, საზოგადოებას არ სჯერა.
„მიხეილ სააკაშვილის დაკავების დღიდან გვახსოვს მისი ჯანმრთელობის თემაზე სპეკულაცია. არ გასულა თვე ისე, რომ ვინმე არ გამოსულიყო და არ ეთქვა, რომ სააკაშვილი ცუდად არის და კვდება.
თვითონ ამ პროცესმა დააზიანა სააკაშვილი და ჯანმრთელობის არგუმენტის ასე გამოყენებამ მიგვიყვანა იქამდე, რომ მხოლოდ ჯანმრთელობის თემაზე ლაპარაკი ადამიანებში განსხვავებულ ემოციას არ აღძრავს. ბევრჯერ გავიარეთ ის მომენტი, რომ სააკაშვილი დღე-დღეზე კვდება. მჯერა, რომ სააკაშვილი მართლა ცუდად არის. ის, რომ საუბრობდნენ სააკაშვილი ცუდად არის და კვდება, მინიმუმ გადაჭარბებული აღმოჩნდა. იმდენია ამაზე ყვირიან, რეალურიც რომ იყოს შეიძლება ადამიანებმა არ დაიჯეროს. 1 წლის წინ ყვიროდნენ კვდებაო და ამაზე ყური არავინ შეიბერტყა, რამე განსხვავებული უნდა გააკეთო.
3000 – გვერდიანი სამედიცინო დასკვნის არ შეიძლება გჯეროდეს. დასკვნა შეიძლება იყოს ერთ გვერდიანი, ნახევარ გვერდიანი და ყველაფერი გასაგები იყოს. თუ 3000 – გვერდიან სამედიცინო დასკვნას წერ, ე.ი არ გინდა, რომ გავიგო“, – განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე შეფასებით, ის პროცესები, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს არ არის გზა, რომელიც საქმეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე მიიყვანს.
მისივე განმარტებით, ჯანდაცვის არგუმენტით პატიმრის გათავისუფლება არ არის სწორი, საჭიროა პოლიტიკური არგუმენტების ჩართვა.
„ნაციონალურ მოძრაობის“ ქმედებები იმდენად ბუნდოვანია, რომ ჩვენც კი, ვინც ამ პროცესის დამკვირვებლები ვართ, ვერ ვხვდებით ეს რა ტაქტიკაა. მათი ტაქტიკაა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოყენებით მისი გათავისუფლება. ზოგადად ჯანდაცვის არგუმენტით პატიმრის გათავისუფლება არ არის სწორი. საჭიროა პოლიტიკური არგუმენტების ჩართვა.
რაც არ უნდა არჩევნები ჩაატარონ, ციხიდან გამოსული მიხეილ სააკაშვილი რომ მივიდეს, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის კარებზე დააკაკუნოს და უთხრას ვინ ხართ აქ უფროსიო, ის უფროსი გადადგება და მიხეილ სააკაშვილი გახდება უფროსი. სანამ მიხეილ სააკაშვილი ცოცხალია „ნაციონალური მოძრაობა“ მისი იქნება.
მიმაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში ჯდომა პრობლემაა, ისიც მიმაჩნია, რომ სააკაშვილი დამნაშავეა ქართველი ხალხის წინაშე, მაგრამ ახლა ჩვენ ჩავიდენთ ქართველი ხალხის წინაშე დანაშაულს თუ მიხეილ სააკაშვილს გადავაყოლებთ ქვეყნის ინტერესებს“,- განაცხადა ხვიჩიამ.