„თანდათან უფრო მიმყარდება ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმებით მოქმედებენ,“ – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავასა და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის დღის წესრიგთან დაკავშირებით კამათის შედეგ განაცხადა.
„გირჩის“ ლიდერის თქმით, ის საკუთარი აზრის დაფიქსირებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა.
„მე უფრო და უფრო მიმყარდება ეჭვი, რომ თქვენ შეთანხმებით მოქმედებთ, რადგან ერთი საათია, აქ ვზივარ და ამდენი ხანია, ვითხოვ, ვერ ვთქვი ვერაფერი. შეთანხმება მეტი რა რის, მთელი მედია ყურადღება თქვენკენ არის. ჩემი აზრით, ეს რაღაცნაირად უნდა მორჩეს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
„ცხენით უნდა შემოხვიდე აქ და მთავარი თემა შენი იქნება“, – მიმართა იაგო ხვიჩიას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ.
„პორშეთი“ დავდიოდი მთელი თვე, ბატონო რომან, და ვერ გადაგფარეთ, მეტი რა ვქნა, ცხენი რას იზამს ასეთს?“, – უპასუხა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და ევროინტეგრაციის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ხმაური იყო. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა ითხოვდა დღის წესრიგს დაამატონ საკითხი ევროკავშირში საქართველოს ელჩის ბრიუსელში დაბარების თაობაზე.