საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ დღეს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია ეხმიანება.
ხვიჩიას თქმით, ის კოლეგებისგან იმედგაცრუებულია, რადგან ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ ფუნდამენტურად იშრომა და ბევრად უფრო ხარისხიანი დოკუმენტი მოამზადა:
„ოპოზიცია ბევრად უფრო არაშრომისმოყვარე აღმოჩნდა, ვიდრე „ქართული ოცნება“. რაც დღეს წარმოადგინეს, როგორც რაღაც ტიპის დოკუმენტი, ნებისმიერ დამსაქმებელს რომ წარმოუდგინო, ეგრევე გაგაგდებენ სამსახურიდან. ასეთი დოკუმენტაცია წარმოადგინეს, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ფუნდამენტურად იშრომა. მართალია, შინაარსი არც მათ ჩაუდიათ ისეთი, რაც ევროპელებს უნდოდათ, მაგრამ მათ იშრომეს მაინც, ბევრად უფრო დიდი, სქელტანიანი და ხარისხიანად მომზადებული დოკუმენტებით დადიან. ჩემი კოლეგებისგან ცოტა იმედგაცრუებული ვარ. იმედი მაქვს, პარლამენტში არც დაარეგისტრირებენ და საქმე აქამდე არ მივა. იმიტომ, რომ ეს მათ მდგომარეობას კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციაზე მომუშავე საპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმართვის ავტორები ხელისუფლებას სთავაზობენ არა ყველა პროექტს, რომელიც მათ სამუშაო ფორმატში შეიმუშავეს, არამედ, იმ ბაზისურ მიდგომებს, რომელიც არასამთავრობო სექტორის ხედვებთან არის შეჯერებული და რეალისტურია დარჩენილ მოკლე ვადაში შესასრულებლად.