Kia აშშ-ში წინა თაობის 462 869 ერთეული Telluride-ის ხელახალ გაწვევას იწყებს. როგორც ამერიკის საგზაო უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NHTSA) ვებგვერდზეა აღნიშნული, იგივე ავტომობილები უკვე გაიწვიეს 2024 წელს, თუმცა მაშინ ჩატარებული სერვისი პრობლემის სრულად აღმოსაფხვრელად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ხარვეზი წინა სავარძლების ელექტრული რეგულირების სისტემას უკავშირდება. გარკვეულ შემთხვევებში რეგულირების ღილაკი შეიძლება გაიჭედოს, რის შედეგადაც ელექტროძრავა უწყვეტ რეჟიმში იმუშავებს, გადახურდება და სავარძლის აალებას გამოიწვევს.
პრობლემა იმდენად სერიოზულად შეფასდა, რომ Kia დაზარალებული ავტომობილების მფლობელებს ურჩევს, სერვისცენტრში მისვლამდე მანქანები დახურულ ავტოფარეხებში ან სხვა ავტომობილებთან ახლოს არ გააჩერონ.
გაწვევა მოიცავს 2019 წლის 9 იანვრიდან 2024 წლის 29 მაისამდე წარმოებულ Telluride-ებს.
კომპანიის ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ ღილაკის გაჭედვა, არამედ სავარძელზე ძლიერი გარეგანი ზემოქმედებაც, მაგალითად, დარტყმა. ასეთ შემთხვევაში სისტემამ შესაძლოა ელექტროძრავას ელექტროენერგია უნებლიედ მიაწოდოს, რაც საბოლოოდ გადახურებასა და ხანძარს გამოიწვევს.
გაუმართაობის ნიშნებად სახელდება ღილაკის გაჭედვა, დამწვრის სუნი ან სავარძლის ქვემოდან ამოსული კვამლი.
Kia-ს ცნობით, დაფიქსირებულია შვიდი ხანძრის შემთხვევა და 11 ეპიზოდი, როდესაც ელექტროგაყვანილობა გადნა. ამ დრომდე დაზიანებები ან დაშავებულები არ დაფიქსირებულა.
სერვისცენტრებში სპეციალისტები მექანიზმს შეამოწმებენ და დამატებით დამცავ ელემენტს დაამონტაჟებენ, რომელიც ელექტროძრავის უწყვეტ მუშაობას თავიდან აიცილებს. Kia America ავტომობილების მფლობელების ინფორმირებას 13 აგვისტოდან დაიწყებს.