LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიბერბულინგი ანგრევს მას, ვისი მთელი სამყაროც მხოლოდ სოციალურ ქსელშია მოქცეული…“ – ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე იმის შესახებ, როგორ უნდა დაიცვან მშობლებმა შვილები სოცქსელების მავნე ზეგავლენისგან

150
ნინი დგებუაძე

ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე სოციალურ ქსელთან დაკავშირებით მოზარდებისა და ზრდასრულების პრობლემებზე გვესაუბრება და მათი გადაჭრის ხერხებსაც გვთავაზობს. სოციალური ქსელებისგან დასტანცირება, მოზარდებთან კიბერბულინგის შესახებ წინასწარი საუბრები, ადამიანების შეურაცხყოფა სოცქსელების საშუალებით, ამ და სხვა თემებს სტატიაში ვრცლად შევეხებით, ჩვენს რესპონდენტთან ერთად.


სოციალურ ქსელებში მოზარდები აქტიურად არიან წარმოდგენილები. მიესალმებით თუ არა ამას, როგორც ფსიქოლოგი და როგორ შეიძლება მშობლებმა შვილებს ასწავლონ სოცქსელის ზომიერად გამოყენება?

ნინი დგებუაძე: როგორც ფსიქოლოგი, ამ საკითხს არა მივესალმები, ან ვგმობ, არამედ განვიხილავ, როგორც თანამედროვე სოციალიზაციის გარდაუვალ მოცემულობას. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ციფრული სივრცე მოზარდისთვის გახდა იდენტობის ფორმირების, თვითგამოხატვისა და სოციალური კავშირების დამყარების ერთ-ერთი მთავარი პლატფორმა. შესაბამისად, მოზარდების იქ ყოფნა ბუნებრივი პროცესია. პოზიტიური კუთხით, სოციალური ქსელები მოზარდს აძლევს საშუალებას: იპოვოს თანამოაზრეები და იგრძნოს ჯგუფური მიკუთვნებულობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განავითაროს კრეატიულობა და ციფრული წიგნიერება, მიიღოს ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხებზე.

თუმცა, როგორც სპეციალისტი, ვხედავ სერიოზულ რისკებსაც. მოზარდის ფსიქიკა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, მისი თვითშეფასება კი ხშირად მყიფეა. სოციალურ ქსელებში არსებული „იდეალური ცხოვრების“ ფილტრები, მოწონებების (ლაიქების) რაოდენობაზე დამოკიდებულება და სოციალური შედარების მუდმივი პროცესი ხშირად ხდება შფოთვის, დეპრესიული განწყობებისა და სხეულის ხატის დამახინჯებული აღქმის მიზეზი. ამიტომ, ჩემი პოზიციაა: არა აკრძალვა, არამედ გაცნობიერებული თანაარსებობა.

როგორ ვასწავლოთ მშობლებმა შვილებს ზომიერება? მშობლის როლი აქ უმნიშვნელოვანესია და ფუნდამენტური ნაბიჯებია საჭირო.  ჩვენ ვერ მოვთხოვთ შვილს ტელეფონის გვერდზე გადადებას, თუ თავად ვახშმობისას სოციალურ ქსელს ვათვალიერებთ. ბავშვი სწავლობს არა იმას, რასაც ვეუბნებით, არამედ იმას, რასაც ვუკეთებთ. მოზარდს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ თუ ვირტუალურ სივრცეში რამე შეაშინებს ან დააბნევს მაგალითად, კიბერბულინგი, ის მშობელთან მოვა და არა სასჯელს, არამედ მხარდაჭერას მიიღებს. უნდა ავუხსნათ, როგორ მუშაობს ალგორითმები, რომ აპლიკაციები სპეციალურად არის შექმნილი ჩვენი ყურადღების მისაპყრობად.  როდესაც მოზარდი ხვდება თამაშის წესებს, მას უადვილდება საკუთარი ქცევის კონტროლი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შეზღუდვები არ იყოს ცალმხრივი დიქტატი. დააწესეთ ეკრანისგან თავისუფალი ზონები, (საძინებელი ან სადილობის დრო) მთელი ოჯახისთვის. ზომიერება მიიღწევა მაშინ, როდესაც რეალური ცხოვრება უფრო საინტერესოა, ვიდრე ვირტუალური. დაეხმარეთ მოზარდს აღმოაჩინოს ჰობი, სადაც ის მიიღებს აღიარებას და სიამოვნებას ოფლაინ რეჟიმში. ჩვენი მიზანია არა ეკრანთან გატარებული წუთების დათვლა, არამედ იმის კონტროლი, თუ რა გავლენას ახდენს ეს დრო მოზარდის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ და სოციალურ უნარებზე.

რა საფრთხეები სდევს თან სოცქსელს მოზარდის შემთხვევაში, როგორ ავარიდოთ თავიდან ბულინგი და მისი დამანგრეველი შედეგები?

სოციალური ქსელები მოზარდისთვის ერთგვარი აკვარიუმია, სადაც მათი ყოველი ნაბიჯი საჯაროა, ხოლო უკუკავშირი ძალიან სწრაფი. ეს გარემო რამდენიმე ფუნდამენტურ საფრთხეს შეიცავს.  იმატებს სოციალური შედარებების ტენდენცია მოზარდები თავიანთ რეალურ, ყოველდღიურ ცხოვრებას ადარებენ სხვების საუკეთესო კადრებს. ეს ქმნის არასრულფასოვნების განცდას, რაც ხშირად ხდება კვებითი დარღვევების, დისმორფოფობიისა (საკუთარი გარეგნობის მიუღებლობა) და ქრონიკული შფოთვის მიზეზი. მოწონებები, კომენტარები და მუდმივი განახლებები ტვინში იწვევს დოფამინის სწრაფ გამოყოფას. მოზარდის განვითარებადი პრეფრონტალური ქერქი (რომელიც იმპულსების კონტროლზეა პასუხისმგებელი) ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მწიფე, რომ ამ ჯილდოს სისტემას გაუმკლავდეს, რაც იწვევს ეკრანდამოკიდებულებას და ძილის რეჟიმის დარღვევას. საკმაოდ მაღალია რისკი იმისა, რომ ვირტუალური იმიჯის შექმნის მცდელობისას, მოზარდი დასცილდეს თავის რეალურ „მეს“, რაც იწვევს შინაგან კონფლიქტს და თვითიდენტიფიკაციის პრობლემებს.

როგორ დავიცვათ მოზარდი? კიბერბულინგი გაცილებით უფრო აგრესიული და დამანგრეველია, ვიდრე ტრადიციული ბულინგი, რადგან მას არ აქვს სივრცითი და დროითი საზღვრები, ბავშვი საკუთარ სახლშიც კი ვერ გრძნობს თავს დაცულად, თუკი შეურაცხმყოფელი შეტყობინებება ტელეფონიდან აღწევს.  ჩვენ უნდა ვასწავლოთ მოზარდებს ციფრული ემპათია. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ ეკრანის მიღმა რეალური ადამიანია, რომელსაც ისევე სტკივა, როგორც მათ. პრევენცია იწყება არა მხოლოდ იმაზე ზრუნვით, რომ ჩვენი შვილი არ გახდეს მსხვერპლი, არამედ იმაზეც, რომ თავად არ იქცეს აგრესორად. მოზარდს უნდა ჰყავდეს ერთი უფროსი მაინც (მშობელი, მასწავლებელი, ფსიქოლოგი), რომლის მიმართაც აქვს აბსოლუტური ნდობა. ბავშვები ხშირად მალავენ ბულინგს, რადგან ეშინიათ, რომ უფროსები ტელეფონს ჩამოართმევენ ან სიტუაციას უფრო გაამწვავებენ. მშობლის რეაქცია უნდა იყოს: მე შენს მხარეს ვარ, ჩვენ ამას ერთად მოვაგვარებთ. აუცილებელია შევიმუშაოთ რეაგირების სტრატეგია. არ უპასუხო: აგრესორი ელოდება რეაქციას, რაც ამწვავებს კონფლიქტს. დაბლოკე: ციფრული ჰიგიენის ნაწილია ტოქსიკური ადამიანების იგნორირება. შეინახე მტკიცებულებები: სქრინშოტები აუცილებელია სამომავლო რეაგირებისთვის, იქნება ეს სკოლის ადმინისტრაცია თუ შესაბამისი ორგანოები. რაც უფრო მეტი დასაყრდენი აქვს მოზარდს რეალურ ცხოვრებაში (სპორტი, ხელოვნება, მეგობრები), მით ნაკლებად მოწყვლადია ის ვირტუალური თავდასხმების მიმართ. კიბერბულინგი ანგრევს მას, ვისი მთელი სამყაროც მხოლოდ სოციალურ ქსელშია მოქცეული. ჩემი, როგორც ფსიქოლოგის რჩევაა: ნუ დაველოდებით კრიზისს. ესაუბრეთ შვილებს ინტერნეტეთიკაზე მანამ, სანამ მათ პირველ მობილურს აჩუქებთ. განათლება და ნდობა საუკეთესო ჯავშანია ნებისმიერი ციფრული საფრთხის წინააღმდეგ.

სოცქსელებში ბულინგი არა მხოლოდ მოზარდებისთვის არის აქტუალური. ზრდასრულ ადამიანებსაც ყოველდღიურად უწევთ ამასთან გამკლავება. რას ურჩევთ ადამიანებს, ვინც სოცქსელში ბულინგის მსხვერპლია?

მითია, თითქოს ზრდასრული ადამიანი, ჩამოყალიბებული ფსიქიკით, იმუნურია ვირტუალური აგრესიის მიმართ. სინამდვილეში, ზრდასრულთა ბულინგი ხშირად უფრო მიზანმიმართულია და მიზნად ისახავს ადამიანის ყველაზე სათუთი წერტილების, მისი პროფესიული რეპუტაციის, ოჯახური ღირებულებებისა თუ სოციალური სტატუსის დაზიანებას. პირველი, რაც უნდა გვახსოვდეს, აგრესია სოციალურ ქსელში იშვიათად ეხება თქვენს რეალურ პიროვნებას. უმეტესწილად, ეს არის თავად აგრესორის შინაგანი ფრუსტრაციის, კომპლექსებისა თუ ყურადღების დეფიციტის პროექცია. თქვენ ხართ მხოლოდ ობიექტი, რომელზეც ის საკუთარ ნეგატივს ცლის. ამის გაცნობიერება გვეხმარება, რომ შეტევა პერსონალურად არ მივიღოთ. ბულინგის მთავარი საწვავი თქვენი რეაქციაა. აგრესორი ელოდება თავის მართლებას, გაბრაზებას ან საპასუხო შეურაცხყოფას. საუკეთესო პასუხი ამ შემთხვევაში დუმილი და იგნორირებაა. ეს არა სისუსტის, არამედ მაღალი თვითკონტროლისა და საკუთარი ენერგიის დაზოგვის ნიშანია. ბევრს ჰგონია, რომ კომენტარების წაშლა, ან მომხმარებლის დაბლოკვა გაქცევაა. სინამდვილეში, ეს არის ციფრული ჰიგიენის აუცილებელი აქტი. თქვენ გაქვთ სრული უფლება, თქვენს პირად ვირტუალურ სივრცეში არ დაუშვათ ტოქსიკური ადამიანები. ბლოკი არის ინსტრუმენტი თქვენი მენტალური ჯანმრთელობის დასაცავად. ბულინგი გადადის მუქარაში, შანტაჟში ან პირადი ინფორმაციის გავრცელებაში, ეს უკვე აღარ არის მხოლოდ ფსიქოლოგიური საკითხი, ეს სამართლებრივი დარღვევაა. შეინახეთ სქრინშოტები და, საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ შესაბამის ორგანოებს. ზრდასრულ ადამიანს აქვს ბერკეტი, დაიცვას თავისი უფლებები კანონის ფარგლებში. ნუ დარჩებით ამ პრობლემის წინაშე მარტო. ესაუბრეთ მეგობრებს, ოჯახის წევრებს ან ფსიქოთერაპევტს. რეალური ადამიანებისგან მიღებული ვალიდაცია და მხარდაჭერა დაგეხმარებათ, არ დაკარგოთ რეალობის განცდა და საკუთარი თავის რწმენა. ჩემი მთავარი გზავნილია, რომ მინდა, ყველამ კარგად გაიაზროს, თქვენი ღირებულება არ იზომება უცნობი ადამიანების კომენტარებით. ციფრული ხმაური დროებითია, თქვენი მენტალური მშვიდობა კი პრიორიტეტული. ხშირად ყველაზე რადიკალური, მაგრამ ეფექტური გამოსავალი სოციალური ქსელებიდან დროებითი დეტოქსია, რათა დაუბრუნდეთ ოფლაინ რეალობას, სადაც ნამდვილი კავშირები და ფასეულობებია.


რა არის იმის მიზეზი, რომ სოციალური ქსელები ადამიანების დაცინვის და შეურაცხყოფის ფართო პლატფორმად იქცა?

ფენომენს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, რამდენიმე ღრმა ფსიქოლოგიური და სოციო-ტექნიკური მიზეზი აქვს. სოციალური ქსელები მოქმედებს როგორც კატალიზატორი იმ იმპულსებისთვის, რომლებსაც ადამიანი რეალურ სოციუმში, ეთიკური თუ ფიზიკური ბარიერების გამო, თრგუნავს. ფსიქოლოგიური ფენომენია, როდესაც ადამიანი ინტერნეტში თავს უფრო თავისუფლად, თამამად გრძნობს. ფიზიკური დისტანცია და არაპირდაპირი კონტაქტი ქმნის ილუზიას, რომ სოციალური ნორმები აქ არ მოქმედებს. ადამიანი, რომელიც პირისპირ ვერასდროს გაბედავდა სხვის შეურაცხყოფას, ეკრანის მიღმა თავს დაცულად და დაუსჯელად გრძნობს. რეალურ ურთიერთობაში ჩვენ ვხედავთ ადამიანის მიმიკას, გვესმის მისი ხმის ტემბრი, ვგრძნობთ მის ტკივილს ეს ყველაფერი ააქტიურებს ჩვენს ემპათიურ რეაგირებას. სოციალურ ქსელში კი ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ფოტოს ან ტექსტს. ტვინი ამას ხშირად აღიქვამს არა როგორც ცოცხალ ადამიანს, არამედ როგორც ციფრულ ობიექტს. როდესაც მსხვერპლი დეჰუმანიზებულია, მისი დაცინვა ბევრად უფრო ადვილი ხდება, რადგან აგრესორი ვერ ხედავს მის რეალურ ემოციურ ტანჯვას. სოციალურ ქსელებში დაცინვა ხშირად არის არა პიროვნული კონფლიქტი, არამედ პერფორმანსი აუდიტორიისთვის. აგრესორი სხვისი დამცირებით ცდილობს საკუთარი სტატუსის ამაღლებას თავის გარემოცვაში. როდესაც მის დამცინავ კომენტარს სხვები „ლაიქებით“ პასუხობენ, ის იღებს დოფამინურ ჯილდოს და სოციალურ დასტურს, რომ მისი საქციელი მოსწონთ. ეს ქმნის მანკიერ წრეს, სადაც ბულინგი ხდება თვითდამკვიდრების იაფი საშუალება. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ადამიანი, რომელიც სხვას დასცინის, ხშირად თავად არის შინაგანად დაუცველი ან უკმაყოფილო საკუთარი ცხოვრებით. სოციალური ქსელი საუკეთესო პლატფორმაა საკუთარი ნეგატიური ემოციების სხვებზე გადასატანად (პროექციისთვის). სხვაში იმის გაკრიტიკება, რაც საკუთარ თავში არ მოგვწონს, დროებითი შვების მომგვრელი ილუზიაა. და თუ დაცინვაში ბევრი ადამიანი ერთვება, პასუხისმგებლობა თითქოს ნაკლებია. ადამიანი ფიქრობს: მე ხომ მარტო არ ვარ, ყველა ასე წერს. ეს მასობრივი ეფექტი ინდივიდს ართმევს მორალური პასუხისმგებლობის განცდას. სოციალურმა ქსელებმა მოხსნეს ფილტრები ჩვენს ფიქრებსა და მათ საჯარო გამოხატვას შორის. პრობლემა არა ტექნოლოგიაში, არამედ იმაშია, რომ ჩვენი ემოციური ინტელექტი და ეთიკური განვითარება ვერ ეწევა ტექნოლოგიურ პროგრესს. ადამიანების დაცინვა ინტერნეტში ეს არის თანამედროვეობის ომი. სადაც მაყურებელიც და მონაწილეც საკუთარი ჰუმანურობის ხარჯზე ერთობა.

რა ხერხებით შეიძლება, ადამიანი სოცქსელებისგან დისტანცირდეს?

სოციალური ქსელებისგან დისტანცირება არ არის მხოლოდ ნებისყოფის საკითხი. ეს არის ბრძოლა ალგორითმებთან, რომლებიც ჩვენს ნეირობიოლოგიურ სუსტ წერტილებზეა გათვლილი. ამიტომ, გადაწყვეტილება უნდა იყოს არა ემოციური (მაგალითად, აპლიკაციის წაშლა გაბრაზებულ გულზე), არამედ სტრატეგიული.

დაიწყეთ მცირე ნაბიჯებით. დააწესეთ დღეში რამდენიმე საათი. მაგალითად, გაღვიძებიდან პირველი ერთი საათი და დაძინებამდე ორი საათით ადრე. ასევე როდესაც ტელეფონი სხვა ოთახშია. ეს ეხმარება ნერვულ სისტემას, დაუბრუნდეს ბუნებრივ რიტმს და შეამციროს მუდმივი სტიმულაციის მოთხოვნილება.

ჩვენ ხშირად სოციალურ ქსელში შევდივართ არა იმიტომ, რომ რამე გვჭირდება, არამედ იმიტომ, რომ უკვე ჩვევად გვაქვს. გადაიყვანეთ ტელეფონის ეკრანი შავ-თეთრ რეჟიმზე. ფერადი ხატულები სპეციალურად არის შექმნილი ჩვენი ტვინის მოსახიბლად. ნაცრისფერ ფერებში სოციალური ქსელი კარგავს თავის მიმზიდველობას. გამორთეთ ყველა შეტყობინება. გარდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანისა. შეტყობინება არის ციფრული კაუჭი, რომელიც თქვენს ყურადღებას იქცევს.  ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ჩვევას ვერ წაშლი, ის უნდა ჩაანაცვლო.

თუ თქვენ სოციალურ ქსელს მოწყენილობის შესამცირებლად იყენებთ, წინასწარ განსაზღვრეთ, რას გააკეთებთ იმ მომენტში, როცა ტელეფონისკენ გაგიწევთ ხელი მაგალითად, წაიკითხავთ 5 გვერდს წიგნიდან, გააკეთებთ სუნთქვით ვარჯიშს ან უბრალოდ გაივლით.

ყოველ ჯერზე, როცა აპლიკაციას ხსნით, დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: რატომ ვარ აქ ახლა? ეძებთ კონკრეტულ ინფორმაციას, გსურთ ვინმეს გამოხმაურება თუ უბრალოდ გაურბიხართ რეალურ ემოციას (შფოთვას, მარტოობას)? მიზეზის გაცნობიერება ავტომატურად ამცირებს ეკრანთან გატარებულ დროს.

ნუ მოგერიდებათ ახლობლების გაფრთხილება, რომ გარკვეულ საათებში არ ხართ ხელმისაწვდომი ონლაინ სივრცეში. ეს ამცირებს იმ სოციალურ წნეხს, რომელიც გვაიძულებს, მუდმივად ხაზზე ვიყოთ.

ჩემი, როგორც ფსიქოლოგის მთავარი რეკომენდაციაა: დისტანცირების მიზანი არ არის ტექნოლოგიაზე უარის თქმა, არამედ ურთიერთობის ხარისხის შეცვლა. ჩვენ უნდა ვიყენებდეთ სოციალურ ქსელებს, როგორც ინსტრუმენტს და არა სოციალური ქსელები გვიყენებდნენ ჩვენ, როგორც რესურსს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g