LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიბორჩხალის და თევზის შემოტანის მცდელობისთვის, შესაძლოა, სომხეთის მოქალაქე დაიჭირონ

150

საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, სომხეთის მოქალაქე ამხილეს. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნულ პირს, სამაცივრე სატვირთო მანქანით, საბაჟო-გამშვები პუნქტის „სადახლო“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, სომხეთიდან საქართველოში ტრანზიტულად შემოჰქონდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცოცხალი კიბორჩხალა და შებოლილი  თევზი.

საბაჟოზე წარდგენილი დეკლარაციის თანახმად, სომხეთის მოქალაქეს სხვადასხვა სახის ხილის ტრანზიტი უნდა განეხორციელებინა, თუმცა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ხილის გარდა, სატვირთო მანქანით არადეკლარირებული ტვირთი –  10 339 კგ ცოცხალი კიბორჩხალა  და 1 110 კგ შებოლილი  თევზის გადაჰქონდა.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ამოღებულია საქონელი, რომლის საბაჟო ღირებულება 35 310 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე.