LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი – სიმსივნის III სტადიაზე მყოფი პაციენტები მკურნალობას დაექვემდებარებიან

მეცნიერებმა კიბოს მკურნალობის ახალი მეთოდი გამოიგონეს. ამერიკელმა ჯეიმს ელისონმა და იაპონელმა ტასუკუ ჰონზუმ ისეთი პრეპარატები შექმნეს, რომელიც ხელს უშლის სიმსივნურ უჯრედებს, წინააღმდეგობა გაუწიოს იმუნურ სისტემას. გამოგონება უკვე შეფასდა, როგორც ონკოლოგიური დაავადებების ახალი თერაპია. გამოგონებისთვის ორივე მეცნიერს მედიცინაში ნობელის პრემია გადაეცათ.

საკონტროლო წერტილების ინჰიბიტორები – ეს არის პრეპარატები, რომლებიც იმუნიტეტს სწრაფად ანადგურებინებს სიმსივნეს. ორი მეცნიერის მიერ გამოგონილი პრეპარატებია: პემბროლიზუმაბი (კიტრუდა), ნივოლუმაბი (ოპდივო), იპილიმუმაბი (ერვოი) და ატეზოლიზუმაბი (ტეცენტრიკი).

საქართველოში მათგან ხელმისაწვდომი მხოლოდ ატეზოლიზუმაბია. როგორც „ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, ეს მედიკამენტი საქართველოში „ტეცენტრიკის“ სახელწოდებითაა გავრცელებული, მისი მწარმოებელი ქვეყანა კი, შვეიცარიაა.

სამწუხაროდ, პრეპარატები ძალიან ძვირია. მათი გამოყენების სიხშირე კი დაავადების სტადიის მიხედვით, განსხვავებული. სააგენტოში მედიკამენტის ზუსტი ღირებულების განსაზღვრა უჭირთ, თუმცა ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთი გადასხმა რომელიმე ამ პრეპარატისგან პაციენტს 7500 ლარიდან 15 ათას ლარამდე უჯდება. ექიმების თქმით, წამლის ეფექტიანობის შეფასება მხოლოდ 4 გადასხმის შემდეგ შეიძლება და მკურნალობის კურსი შეიძლება 2 წელსაც გაგრძელდეს. სამწუხაროდ, საქართველოში სახელმწიფო დაზღვევა სიძვირის გამო, ამ პრეპარატებით მკურნალობას ვერ აფინანსებს.

 

ქიმიოთერაპია VS იმუნოთერაპია

 

ამ დრომდე კიბოს მკურნალობის ყველაზე პოპულარული მეთოდი – ქიმიოთერაპია – ან პირდაპირ კლავს სიმსივნურ უჯრედებს, ან საკუთარ პროცესებში ჩარევით. იმუნურ თერაპიას არ აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო, დამოუკიდებელი ეფექტი – ის ხელს უწყობს იმუნურ უჯრედებს სიმსივნის განადგურებაში. ინგლისურენოვან ლიტერატურაში ამ თერაპიის შესახებ წერენ, რომ ის „იმუნიტეტს მუხრუჭს აცლის“. თუმცა მედიკოსების განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევებში პროცესს მოჰყვება ის, რომ იმუნიტეტი საკუთარ უჯრედებს უტევს.

იმუნოთერაპია – ნიშნავს იმას, რომ თუ სიმსივნეში არსებობს გარკვეული მარკერები, ახალი პრეპარატების დანიშვნა კიბოს ლოკაციის მიუხედავად, შესაძლებელი ხდება. მაგალითისთვის, პემბროლიზუმაბის დანიშვნა შეიძლება როგორც ტვინის კიბოს, ასევე კუჭის კიბოს და სხვა სახის სიმსივნეების შემთხვევაში. ბუნებრივია, არსებობს დაავადებები, რომელთა მკურნალობაც ძალიან რთულია. ესენია მელანომა, ფილტვის კიბო, ფარისებრი ჯირკვლის კიბო, კუჭის კიბო და სხვა. იმუნოთერაპიამ საგრძნობლად გააუმჯობესა ზოგიერთ ამ დაავადებასთან, კერძოდ მელანომასთან და ფილტვის კიბოსთან დაკავშირებული შედეგები. ბოლო მონაცემებით, ზოგიერთი ასეთი პაციენტი რამდენიმე წელი დაავადების სიმპტომების გარეშე ცოცხლობს.

ამ დრომდე ასეთი თერაპია გამოიყენება მეტასტაზური სიმსივნეების წინააღმდეგ. დღეს კი, უკვე ასეთ პრეპარატებს უნიშნავენ პაციენტებს სიმსივნის მესამე სტადიის დროს.

 

“კიბოს” სტატისტიკა

 

გასულ წელს ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებისას, საქართველოში ყველაზე მეტი შემთხვევა სარძევე ჯირკვალს უკავშირდება. ამის შემდეგ მოდის საჭმლის მომნელებელი ორგანოები, ხოლო შემთხვევათა სიხშირით მესამე ადგილზე  ფარისებრი და სხვა ენდოკრინული ჯირკვლების სიმსივნეა. სტატისტიკა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის.

2017 წელს კიბოს დიაგნოზის ყველაზე იშვიათი შემთხვევა ძვალსა და სასახსრე ხრტილს უკავშირდებოდა.

როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში “ფორტუნას” განუცხადეს, გასულ წელს სიმსივნით გარდაიცვალა 636 ადამიანი, 15 წლამდე ასაკობრივ ჭრილში – 28 მოზარდი, ხოლო ერთ წლამდე ბავშვებში სიმსივნის გამო, სიკვდილიანობის 3 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

თათია კაკიაშვილი

magti 5g