LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი ფურცელი ქვეყნის ისტორიაში – 2018 წლის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენები

999
1

საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც შესაძლოა, ისტორიული აღმოჩნდეს, ახალი კონსტიტუცია, საკადრო ცვლილებები მთავრობაში, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება – ეს და სხვა მოვლენები  2018 წელს ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

წლის ბოლოს, „ფორტუნამ“ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები შეაჯამა:

  • საპრეზიდენტო არჩევნები – 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა, ისტორიული აღმოჩნდეს. ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების მიხედვით, ეს არჩევნები ბოლოა, როცა პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირი გზით აირჩია.

 

  • ახალი კონსტიტუციაპრეზიდენტის ინაუგურაციისთანავე ქვეყანაში 11 თავისა და 78 მუხლისგან შემდგარი ახალი კონსტიტუცია ამოქმედდა. ახალი კონსტიტუციის მიხედვით, 2020 წლისთვის შენარჩუნებული იქნება მაჟორიტარული სისტემა, თუმცა პოლიტიკურ პარტიებს ერთჯერადად საშუალება ექნებათ, საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკები შექმნან. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე 2024 წლიდან გადავა. ახალი კონსტიტუციით აიკრძალა მიწების უცხოელებზე გასხვისებაც. სწორედ აღნიშნული ცვლილებები გახდა ოპოზიციის და არასამთავრობო სექტორის კრიტიკის საგანი. საკონსტიტუციო რეფორმა 2017 წელს განხორციელდა.

 

  • ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში პარტიის თავმჯდომარის პოსტზე – ბიძინა ივანიშვილმა პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებიდან ოთხი წლის და ხუთი თვის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტზე გადაწყვიტა. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებდამდე მედიაში აქტიურად იწერებოდა „ქართული ოცნების“ პარტიაში არსებული კრიზისის, ძველი და ახალი სახეების, პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერმინისტრს შორის დაპირისპირების შესახებ. ექსპერტების ნაწილი კი მიუთითებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება შესაძლოა, არაფორმალურ მმართველობაზე საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკას უკავშირდებოდეს.

  • პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა – გიორგი კვირიკაშვილი 2018 წლის 13 ივნისს გადადგა. მედიაში პრემიერმინისტრის პოსტზე მოსალოდნელი ცვლილების შესახებ დიდი ხნით ადრე იწერებოდა, თუმცა გიორგი კვირიკაშვილი ამბობდა, რომ მისი „გადადგომის ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს.“ ამ განცხადებიდან 3-4 თვეში ტაიმერმა დარეკა. გიორგი კვირიკაშვილს წასვლის წინ არ დაუმალავს, რომ გარკვეულ საკითხებზე პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა და პოსტს ამ მიზეზით ტოვებს, რათა ბიძინა ივანიშვილმა ახალი გუნდი დააკომპლექტოს. გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის მეთაურის პოსტზე მამუკა ბახტაძემ ჩაანაცვლა, შეიცვალა მთავრობის შემადგენლობაც, რომელიც ყველაზე მეტად ეკონომიკურ გუნდს შეეხო.

 

  • ვალების განულება – დღეისთვის ე.წ. შავ სიაში 700 ათასი მოქალაქეა, საიდანაც მთავრობის განმარტებით, ვალი 600 ათასს ჩამოეწერება. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ერთ წელზე მეტი გადაუხდელი სესხი აქვთ, ხოლო სესხის ძირი თანხა 2000 ლარს არ აღემატება. ვალის მოცულობა, რომელიც მოქალაქეებს ჩამოეწერება, მთავრობის ცნობით, ჯამში მილიარდნახევარი ლარია და მას საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ფარავს. ინიციატივა, რომლის თანახმად, მოქალაქეების ვალებს “ქართუ” დაფარავს, გააკრიტიკა ექსპერტთა ნაწილმა, რომელთაც თქვეს, რომ ამ ნაბიჯით უპასუხისმგებლობა წახალისდება და სისტემის ჩამოშლის საფრთხე დგება. არასამთავრობო ორგანიზაციები კი მიიჩნევენ, რომ ეს შესაძლოა, ამომრჩევლის მოსყიდვა იყოს. ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ კანონი არ დაურღვევიათ.

 

  • ანგელა მერკელის ვიზიტი – გერმანიის კანცლერმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სიტყვა “ოკუპაცია” პირველად და მხოლოდ ერთხელ გამოიყენა, ისიც მას შემდეგ რაც ჰკითხეს, რაიმე პრობლემა ხომ არ აქვს სიტყვა “ოკუპაციასთან”. მანამდე გერმანიის კანცლერი ოკუპაციის ნაცვლად, სიტყვა „უსამართლობას“ ან „კონფლიქტს“ იყენებდა. საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა საკუთარი განცხადებებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მისი პოზიცია სკეპტიკურია.

 

  • აშშის კონგრესმა საქართველოს მხარდამჭერი პირველი საკანონმდებლო აქტი დაამტკიცა აშშ-ის კონგრესის კანონპროექტი გმობს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ფაქტობრივ ანექსიას. ასევე, გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებს. კონგრესი ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვისა და ფინანსური აქტივების დაყადაღების გზით, სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე. კონგრესი ასევე, ავალებს აშშ-ის აღმასრულებელ ხელისუფლებას, კანონის მიღებიდან 60 დღის განმავლობაში ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში ბრალდებულ პირებზე დეტალური ანგარიში წარმოადგინოს.

 

 

  • აშშის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის ვიზიტი საქართველოში – საქართველოში ვიზიტით მყოფმა ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკითხმა შესაძლებელია, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხევდრის ფარგელბში წამოიწიოს. როგორც ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, პუტინი ვაშინგტონშია მიწვეული და საქართველოს საკითხი შესაძლოა, სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში დაისვას. აღსანიშნავია, რომ ჯონ ბოლტონი საქართველოში ჩამოსვლამდე ოფიციალური ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობა აშშ-სათვის ერთ-ერთ პრიორიტეტად მოიაზრება. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით.

 

  • საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე და 7 პრეზიდენტი სტუმრადსაქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად თბილისს 6 ქვეყნის პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი და 20-მდე უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვია.

 

  • ღირსეული პარტნიორი – „ძალა პარტნიორობაშია“  – ამ მთავარი გზავნილით საქართველომ მრავალეროვნულ სწავლებას „ღირსეული პარტნიორი 2018“ უკვე მეოთხედ უმასპინძლა. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. „ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ლიდერობით განხორციელდა.

  • საფრანგეთმა საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ მუშაობაზე შეთანხმება დაამტკიცა – შეთანხმებას ხელი მოაწერა საფრანგეთის პრეზიდენტმა და ის უკვე კანონის სახით იქნება წარმოდგენილი. შეთანხმებით, ახალგაზრდა სპეციალისტებზე წელიწადში გამოყოფილია 150 კვოტა, ხოლო ყველა სხვა კატეგორიაზე – 500 კვოტა, ჯამში.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g