LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი წელიწადი ვირუსთან ერთად: პრემიერის თქმით, რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება

80
118569702-1776937435777486-7036118172931416981-o

“უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, ვატაროთ პირბადეები არა ფორმალურად, არამედ ისე, როგორც ექიმები უწევენ რეკომენდაციას” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთვარობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის საბოლოო დამარცხების პროცესი როგორც სააქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის გრძელვადიანია და შესაძლოა ამისთვის წელიწადზე მეტიც გადეს საჭირო.

“გუშინ ქვეყანაში გაკეთდა 7186 ტესტი, რომელზეც დღეს, დღის მეორე ნახევარში გვექნება პასუხი, რაც ეპიდემიოლოგიურ სურათს უკეთესად დაგვანახებს. თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური პანდემია გამოწვევაა, რომელთან ერთად ცხოვრებაც მოგვიწევს, როგორც ჩანს, შემდგომი წელიწადი, წალიწადნახევარი. ყველას ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, სწორად ვმართოთ რისკები. ვერავინ, მათ შორის საქართველოც, ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს, რამეთუ ეს არის გლობალური გამოწვევა და რისკი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დავიცვათ და, რა თქმა უნდა, დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა”, – აცხადებს გახარია.

პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისკენ კვლავ მოუწოდა. მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო, თუმცა სხვა ქვეყნებთან შედარებით ვირუსის მართვაში მიღწეული წარმატების შენარჩუნებისთვის საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა იზრუნოს.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც სასწავლო პროცესი აღდგება და მოსახლეობა ცხოვრების აქტიურ რეჟიმს დაუბრუნდება, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება.

“ბოლო ორი კვირის განმავლობაში ორმა საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციამ საქართველოს შეუნარჩუნა საინვესტიციო რეიტინგი, რაც რა თქმა უნდა, მიღწევაა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მოქალაქეებთან ერთად იმისთვის, რომ ეს რეიტინგი დავიცვათ. ამისთვის გვჭირდება, რომ უაღრესად ყურადღებით მოვეკიდოთ იმ მოთხოვნებს, რომელიც ეპიდემიოლოგებს აქვთ და არ აქვს მნიშვნელობა, სად ვართ – ბათუმში, თბილისში თუ სხვაგან. უნდა დავიცვათ სოციალური დისტანცია, უნდა ვატაროთ პირბადეები არა ფორმალურად, არამედ ისე, როგორც ექიმები უწევენ რეკომენდაციას და სერიოზულად მოვეკიდოთ ჩვენი მოქალაქეების, მოხუცების და ბავშვების ჯანმრთელობას. ჩვენ ეკონომიკის გახსნის ძალიან ფრთხილი ნაბიჯები გადავდგით როგორც საერთაშორისო ფრენების, ასევე შიგა ტურიზმის განვითარების მიმართულებით. შესაბამის სამინისტროებს – შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გევალებათ, დღეიდან კიდევ უფრო გაამკაცროთ კონტროლი იმ მოთხოვნების, რაც საკანონმდებლო დონეზეა დაწესებული. პირველ რიგში, ეს არის პირბადე დახურულ სივრცეში და სოციალური დისტანცია. ეს ყველაფერი საჭიროა ჩვენი მიღწევების შენარჩუნებისა და ქვეყნის წარმატებისთვის”, – აცხადებს მთავრობის მეთაური.

 

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მთლიანობაში ამ ეტაპზე სხავდასხვა კოვიდ-ცენტრებში 262 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

magti 5g