ბოლო წლებში, უფრო კონკრეტულად კი პოსტპანდემიურ პერიოდში, საბავშვო ბაღი აღარ აღიქმება მხოლოდ როგორც სოციალური სერვისი – ის სულ უფრო მეტად ხდება სრულფასოვანი ბიზნესოპერატორი, რომელიც განათლებას, უსაფრთხოებას და მშობლის ნდობას ერთ პროდუქტად აერთიანებს. მზარდ კონკურენციაში წარმატება აღარ განისაზღვრება მხოლოდ ფართითა და სათამაშოებით, გადამწყვეტია კადრების ხარისხი, მართვის სტრატეგია, რეგულაციებთან შესაბამისობა და ემოციური კაპიტალი – ბავშვების კეთილდღეობა და მშობლების სიმშვიდე. იმისთვის, რომ საქართველოში საბავშვო ბაღმა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გამოწვევას უპასუხოს და ბაზარზე წარმატებულად იფუნქციონიროს, საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრი შეიქმნა.
თეკლე კაპანაძე, საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრის „Kidsoffice“ დამფუძნებელი:
– ცენტრის დაფუძნების იდეა გაჩნდა კოვიდ პანდემიის პერიოდში, როცა უკვე დედობისთვის ვემზადებოდი და მინდოდა, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, საბავშვო ბაღებისთვის ხარისხიანი მხარდამჭერი მექანიზმები შემექმნა და როცა ბევრი კერძო ბაღი დაიხურა, რადგან მათ კრიზისთან გამკლავება ვერ შეძლეს. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ბაღი სფეროს გულშემატკივარი ადამიანების, მაგალითად, ფსიქოლოგების მიერ იყო დაფუძნებული, როცა საქმე მიდგა ბიზნეს გადაწყვეტილებაზე და მენეჯერული უნარების გამოვლენაზე, მოხდა კოლაფსი, რომელიც ზოგმა დაძლია, ზოგმა ვერ. ვინც დაძლია, დარჩათ გარკვეული პრობლემები, რომელთა მოგვარებაც იყო საჭირო, მაგრამ ამასობაში დაეწიათ საბავშვო ბაღების ავტორიზების პროცესი. დღეს უკვე ვერცერთი კერძო ბაღი ვეღარ იქნება მხოლოდ ბიზნესი, ის უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებაც და სწორედ ამ ნაწილში, რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, საბავშვო ბაღების საკონსულტაციო ცენტრი მათ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.

– რატომ არის მნიშვნელოვანი კერძო ბაღების არსებობა ბაზარზე და კონკრეტულად რაში გამოიხატება ბაღების მიმართ თქვენი მხარდაჭერა?
– კერძო სექტორი გარდა იმისა, რომ მშობელსა და ბავშვზე მორგებული სერვისების მქონეა, სახელმწიფოსთვის ერთგვარი მხარდამჭერი მექანიზმია, მათ შორის ფინანსების დაზოგვის ნაწილში – სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, საკუთარი რესურსი უფრო სოციალურად დაუცველი ოჯახებისკენ მიმართოს. სხვათა შორის, უკვე გახსნილი ბაღებისგან განსხვავებით, ახლადგახსნილ ბაღს სჭირდება, რომ ყველა სტანდარტს თავიდანვე აკმაყოფილებდეს – ეს არის სტრატეგიული ხედვა, კურიკულუმის სტანდარტი, შიდა რესურსების და პროცესების ორგანიზება, ადამიანური რესურსის მართვა, ჰიგიენა, კვება და კიდევ სხვა არაერთი წვრილი საკითხი. ჩვენს ცენტრში გვაქვს კერძო ბაღების დამფუძნებელთა ქსელი, სადაც ერთიანი საწევროს საფასურად, სხვადასხვა სერვისზე, მათ შორის ტრენინგებზე, გვაქვს ფასდაკლება, რაც ეხმარება ბიზნესს, ფინანსური რესურსები სწორად მართოს – იქნება ეს ინვენტარიზაცია, ინტერიერის დიზაინი, ევროპული სტანდარტის ავეჯით მომარაგება და სხვა. ასევე, ბაღებს ვეხმარებით მშობლის კმაყოფილების და ინტერესების კვლევაში და ისეთი სისტემის შემუშავებაში, რომლის წყალობითაც ის, როგორც ორგანიზაცია მდგრადი იქნება.
– სტანდარტები ახსენეთ და, ხშირად ისე ხდება, რომ გარკვეულ სტანდარტებს მხოლოდ თბილისში არსებული ობიექტები აკმაყოფილებენ, ისიც მეტ-ნაკლებად. რა ვითარებაა რეგიონების მიმართულებით საბავშვო ბაღების სეგმენტში?
– ბევრმა ბაღმა ვერ გაუძლო ავტორიზების პროცესს და დაიხურა. ავტორიზება ერთგვარი ფილტრი გახდა, რომ ბაზარზე მხოლოდ ხარისხიანი სერვისების მიმწოდებელი საგანმანათლებლო და პასუხისმგებლობიანი ბიზნესები დარჩეს. რეგიონებშიც გვყავს პასუხისმგებლობიანი ორგანიზაციები, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით, რადგან თბილისში ბევრი მოსახლეა, ბევრი ბავშვია და უფრო მეტია საჭიროება იმის, რომ კერძო ბაღი არსებობდეს საჯარო ბაღების გადატვირთულობიდან გამომდინარე. თუმცა აქ მეორე ფაქტორი შემოდის – იმის გამო, რომ დედაქალაქი მჭიდროდაა დასახლებული, ახალი ბაღის აშენების ფუფუნება იმ ლოკაციაზე, სადაც მშობელს ბაღი სჭირდება, შეზღუდულია. რეგიონში კი შესაძლებელია კარგი სივრცის შერჩევა ბაღის ასაშენებლად, რომელიც თანამედროვე სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

– კერძო საბავშვო ბაღის, როგორც სერვისის ხელმისაწვდომობაზეც ვისაუბროთ. რას ეყრდნობა ამ სეგმენტის საფასო პოლიტიკა?
– იქიდან გამომდინარე, რომ ბაზარზე ყველაფრის ფასმა მოიმატა, გაიზარდა ბაღის ღირებულებაც. სტანდარტების დაკმაყოფილებას რომ ჩავეხსნათ, მარტო პროდუქტებია ისე გაძვირებული, რომ კერძო ბაღს საკმაოდ ძვირი უჯდება ბავშვისთვის ხარისხიანი კვების შეთავაზება. სოციალურ ქსელში ბევრი პოსტი მხვდება, რომ მშობელი ეძებს იაფ საბავშვო ბაღს. მინდა, რომ მშობლებმა ამ კუთხითაც შეხედონ საკითხს – ხარისხიანი დაწესებულება ვერ იფუნქციონირებს, როგორც დაბალბიუჯეტური ორგანიზაცია, იმიტომ, რომ აკადემიური გუნდის შენარჩუნებაც ძალიან ძვირი უჯდებათ საბავშვო ბაღებს. დაბალ ჰონორარს, ძირითადად, ნაკლები კვალიფიკაციის მქონე ადამიანები თანხმდებიან. კადრების ხშირი ცვლა ბავშვის სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ცუდად აისახება, იმიტომ, რომ მას აღმზრდელებთან მიჯაჭვულობა უჩნდება. გარდა აკადემიური გუნდისა და საკვებისა, რეგულაციებში უკვე შემოდის, რომ საბავშვო ბაღი მდიდარი იყოს რესურსულად (იგულისხმება სათამაშოები, წიგნები და სხვა). აქაც გაეზარდათ ხარჯი დაწესებულებებს. მართალია, ბაღები მოგების ეთიკურ ჭრილში დარჩენას ცდილობენ, მაგრამ სწორედ ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე გახდა სტანდარტი ყოველთვიურ გადასახადად 700-800 ლარი.

– როგორც ვიცი, თქვენი ცენტრი კვალიფიციური კადრების მომზადება-გადამზადებასაც უწყობს ხელს.
– ჩვენთან ყველა მიმართულებით ვატარებთ ტრენინგებს, იმ სტანდარტების მიხედვით, რომელთა დაცვაც ევალებათ საბავშვო ბაღის გუნდის წარმომადგენლებს. სხვათა შორის, ეს მომსახურებაც ძალიან გაძვირდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ საქმე ბავშვებს ეხებათ, ჩვენც ვცდილობთ, ეთიკური მოგების პრინციპით ვიხელმძღვანელოთ და კონკრეტული ტრენინგ მოდულები ხელმისაწვდომი ფასით შევთავაზოთ. მაგალითად, პირველი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი რომ ავიღოთ, მის გასავლელად საბავშვო ბაღს დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება, რადგან ბევრი თანამშრომელი ჰყავს, ამ ცოდნის მუდმივად განახლება კი სავალდებულოა.
– თუკი საბავშვო ბაღს განვიხილავთ, როგორც ბიზნესოპერატორს, რა წარმოადგენს დღეს მისთვის ყველაზე დიდ გამოწვევას?
– ავტორიზების პროცედურების დაძლევა ისე, რომ ძალიან არ გააძვიროს მომსახურების ღირებულება და მომხმარებელი შეინარჩუნოს.